მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების სუბსიდირება ალბათ გაყიდვებს გაზრდის - მენაშენეთა ასოციაცია

5ef4b56c83ce7
ინგა მურუსიძე
26.06.20 09:40
1126
მომავალი კვირიდან მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას იწყებს, - დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო და სუბსიდირების პროგრამისთვის 70 მლნ ლარის გამოყოფა დააანონსა.

რა მოლოდინები აქვს სექტორს, ელოდებიან თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ზრდას, აღნიშნულზე Bm.ge მენაშენეთა ასსოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრა.

„პანდემიის პერიოდში ბინების რაოდენობა შემცირდა და იპოთეკური სესხების სუბსიდირება ალბათ ხელს შეუწყობს და გამოაცოცხლებს პროცესს. ჯერ პროცესი არ დაწყებულა, მაგრამ იმედი გვაქვს, მალე დაიწყება და შედეგსაც ვნახავთ. მოლოდინებს რაც შეეხება არ ვიცით, როგორ იქნება. მე ვფიქრობ, ამ სქემის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე არის ბანკი. ალბათ პირველ რიგში ყველაფერი მთავრობასა და ბანკებს შორის უნდა იქნას მოგვარებული. ჩვენთან ადამიანი მოდის მას შემდეგ, რაც ბანკში თანხას აიღებს. ვფიქრობთ, ალბათ მყიდველების რაოდენობას გაზრდის ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან. როსტომაშვილი უძრავ ქონებაზე ფასების შემცირებას არ ელოდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.