მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა დასვენების დღეები სავალდებულო? - დამსაქმებელთა ასოციაცია

6081ad79ec469
ანუკა ჯოხაძე
23.04.21 00:00
4318
მთავრობის განცხადებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით "სავალდებულო დასვენების დღეების" გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა, კერძო სექტორისთვის დღესაც ბუნდოვანია იქნება თუ არა მაისში გამოცხადებულ უქმე დღეებზე მუშაობა სავალდებულო.

კითხვებზე პასუხს თავს არიდებს მთავრობაც. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია ამბობს, მაისში გამოცხადებული უქმე დღეები მთავრობის გადაწყვეტილებაა და ის შრომით კოდექსში არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი განმარტებით, კერძო სექტორში დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შეუძლიათ მოლაპარაკების საფუძველზე მიიღონ მუშაობა/არ მუშაობის გადაწყვეტილება.

“სამწუხაროდ საბჭოთა წარსულს ძალიან დავემსგავსეთ, ჯერ მთელი იანვარი დავისვენეთ, ახლა მაისში ვისვენებთ, არც ის ვიცი მომავალში რა გველის კიდევ. იმ გამოცდილებით, რაც იანვრიდან გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაისში გამოცხადებული უქმეები ვერ იქნება სავალდებულო. ყოველშემთხვევაში ამაზე შეგნებულად იყრუებს სახელმწიფო და ცდილობს პასუხი არ გასცეს კითხვებს, შესაბამისად თვითრეგულირებას ანდობს აღნიშნულ საკითხს. ეს დასვენების დღეები გამოცხადებული არის მთავრობის მიერ, შესაბამისად ეს არ არის უქმე დღეები, რომელიც გათვალისწინებულია შრომის კოდექსით. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულები მოითხოვენ და დაისვენებენ აღნიშნულ დღეებში, მათ მოუწევთ ამ დღეების ანაზღაურება სხვა დასვენების დღეებში. შესაბამისად, როგორც იანვარში იყო, ახლაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოლაპარაკების საფუძველზე კერძო სექტორი გააგრძელებს მუშაობას", - ამბობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ცხაკაია.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, თუ რომელი სექტორებისთვის არ ვრცელდება ეს მოთხოვნა.