„იქნება თუ არა ტურიზმი ის პრიორიტეტული ინდუსტრია, სადაც მოხდება დამატებითი ჩარევა და დახმარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.
დეპუტატმა ყურადღება ტურიზმის ინდუსტრიაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
„პანდემიამ ეს ინდუსტრია ფაქტიურად გააჩერა, რამაც ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა ტურიზმში დასაქმებულებზე, ისევე, როგორც ყველა იმ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესზე, რომელიც ტურიზმის სექტორში იყო ჩართული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკა შესაბამისად დავკარგეთ 3.3 მილიარდი და ხშირად ტურიზმის სექტორს მაგალითად მოვიყვანთ ხოლმე, როდესაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე ვსაუბრობთ, ამავდროულად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი საგრძნობლად შეიკვეცა, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და განისაზღვრა 12 მილიონ 600 ათასი ლარით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ პრიორიტეტულ დარგში ბიუჯეტი ადაპტირდა, მაგრამ, ამავდროულად, ჩემთვის მნიშვნელოვანია დავსვა კითხვა, რა ხედვები გვექნება. ჩვენ გვესმის, რომ 2021 წელს გატარებული აქტივობები შედეგს გამოიღებს 2022 წელს, ჩვენ ასევე გვესმის, რომ 2021 წელი იქნება საკმაოდ რთულად საპროგნოზო და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის პოზიტიური ტენდენციები, რასაც ჩვენ ველოდებით, მათ შორის ვაქცინაციიდან გამომდინარე, ის რომ ჩვენ უკვე უსაფრთხოდ უნდა შევძლოთ ცის გახსნა და მეტი საერთაშორისო ვიზიტორის მიღება, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან გააქტიურდეს საერთაშორისო არეალზე, რაც უკვე მოსალოდნელი იქნება, რომ ჩვენ გავაკეთოთ 2021 წლის არაუგვიანეს უკვე მეორე ნაწილიდან, შესაბამისად, მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რას ვგეგმავთ, როგორ ვგეგმავთ და თუ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებული იქნება და იქნება რაიმე დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალება, იქნება თუ არა ტურიზმი ის პრიორიტეტული ინდუსტრია, სადაც მოხდება დამატებითი ჩარევა და დახმარება“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.