მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აღდგა ფრენები ბრიტანეთთან და რატომ არ იწყება ავიამიმოსვლა აშშ-თან? - ტუროპერატორები

ტურიზმი

აგრესიული მარკეტინგული კამპანია და მაქსიმალურად ბევრი პირდაპირი ავიამიმოსვლა - ეს ის ორი ძირითადი გზაა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის აზრით, ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოსვლას შეუწყობს ხელს.

საქმე ის არის, რომ ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ გაუტოლდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, შარშან ტურისტული ვიზიტების აღდგენის ტემპი 92.6% იყო. პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დავეწიეთ ჯერ ვერც საერთაშორისო ვიზიტორების ჭრილში - ამ შემთხვევაში აღდგენა 80.6%-ია.

ტურისტული კომპანია AG TRAVEL & ADVENTURE-ის დამფუძნებელია ლექსანდრე გიორგიძე იმედოვნებს, რომ 2024 წელს ტურიზმი აღდგენას გააგრძელებს, მაგრამ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, საჭიროა, "დასავლეთ ევროპის და გალფის ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად აგრესიული მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ".

"ტურისტების მოსაზიდად, ყველაზე მთავარი გზა სტრატეგიულ ქვეყნებთან პირდაპირი ავიამიმოსვლაა; ძალიან კარგია, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში აღდგა პირდაპირი ფრენები, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ, როდის აღდგება ფრენები დიდ ბრიტანეთთან. ასევე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-თანაც დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა; ჩემთვის აუხსნელია, რა ბარიერებია და რატომ არ იძვრის ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან. მეტი პირდაპირი ავიარეისი გაგვიხსნიდა ახალ ბაზრებს, რომ არ გადავიდეთ სტაგნაციის რეჟიმში. სხვა შემთხვევაში, 2024 წელს შედეგები, რა თქმა უნდა, ცოტათი გაუმჯობესდება, მაგრამ არ იქნება ისეთი პროგრესი, რომელიც ტურიზმის ბიზნესის შემოსავალს გაზრდის“, - ამბობს ალექსანდრე გიორგიძე „წერტილთან“ ინტერვიუში.

რატომ ვერ აღდგა ამ დრომდე დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა? - ეს კითხვა აქვს "ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელ ცოტნე ჯაფარიძესაც.

"ინგლისურ, ფრანგულ თუ გერმანულ მედიებში იშვიათად იწერება საქართველოს შესახებ დადებით კონტექსტში. მართალია, არ დადასტურებულა ოფიციალურად, მაგრამ ვრცელდება ცნობები, რომ თითქოს საქართველო სანქციების არიდებაში რუსეთს ეხმარება... საქართველოს ტურისტულ იმიჯზე ნეგატიურად იმოქმედა 2023 წლის მარტის აქციებმა, როდესაც მოქალაქეებმა "რუსული კანონის" მიღების მცდელობა გააპროტესტეს. მაშინ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ბერლინში იმყოფებოდა - ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანა ვიყავით და იმ დროს, როდესაც ჩვენ გერმანელ თუ სხვა ევროპულ ტურისტულ კომპანიებს პარტნიორობაზე ვესაუბრებოდით, საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და მათი კითხვებიც სწორედ იმ მოვლენებს შეეხებოდა... პრობლემებს შორის, ასევე, გამოვყოფდი პირდაპირი ფრენების არქონას დიდ ბრიტანეთთან, რომელიც პანდემიამდე გვქონდა; სამაგიეროდ, გვაქვს ფრენები მახაჩკალას აეროპორტიდან თბილისში“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

ტუროპერატორი ალექსანდრე გიორგიძეც იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, საქართველომ ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ვერ გამოიყენა, რადგან იმ პერიოდში, „რუსული კანონის“ მიღების მცდელობის გამო, თბილსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რაც პოტენციურ პარტნიორებთან წარმატებულ მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობდა.

„შეხვედრებს როცა ვიწყებდით ტურისტულ კომპანიებთან, მათგან პირველი კითხვა იყო - ხომ მშვიდობაა თქვენთან?! როცა ეს კითხვა ისმება, მერე რთულია სხვა თემაზე ისაუბრო, რადგან ქვეყნის სტაბილურობა ტურისტული მიმზიდველობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“, - აღნიშნა გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ.

მთავრობა საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ფრენების დაწყებაზე მუშაობს - მარიამ ქვრივიშილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები