“უძრავი ქონების ბაზარზე შესვლის ერთ-ერთი მიზეზი სასტუმროების კრედიტების გადახდაა” - ეს განცხადება „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, 2023 წლის ზაფხულში გააკეთა და 1.5 წლის შემდეგ, იმავე გადაცემაში სტუმრობისას თქვა, რომ „დღემდე ასე გრძელდება - დეველოპმენტი აფინანსებს სასტუმროების კრედიტს“. უფრო დეტალურად, რამდენად გაამართლა ამ ფორმით ბიზნესის დივერსიფიკაციამ, რა გამოწვევების წინაშეა დღეს სასტუმროების ბიზნესი და სად ხედავს სექტორი გამოსავალს, ბიზნესმენმა პაატა კოკაიამ „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
- დღეს რომ სასტუმრო ნორმალურად მართოთ, სასტუმროს კრედიტი არა უნდა ჰქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არაა. ვერ წარმომიდგენია, იყოს ვინმე ისეთი ბიზნესმენი, რომელიც აშენებს სასტუმროებს და კრედიტი საერთოდ არ აქვს - ეს გამორიცხულია. ამიტომ კრედიტის დაფარვის მიზნით, ჩვენი ორი სასტუმრო - „ივერია INN“ და „ქუთაისი INN“ გავაერთიანეთ სამშენებლო კომპანია K3 INN-თან და გავაკეთეთ კომპანია K3 INN, რომლის შემოსავლებითაც იფარება დღეს „ივერია INN“-ის და „ქუთაისი INN“-ის კრედიტები... დღემდე ასე გრძელდება, დეველოპმენტი აფინანსებს სასტუმროების კრედიტს...
- ადრე ახერხებდა სასტუმრო ბიზნესი ხარჯების დაფარვას, მათ შორის კრედიტების მომსახურებას?
- დიახ. 2017-2019 წლებში სასტუმრო ბიზნესი ძალიან აღმავალი იყო და შესაბამისად, საინვესტიციოდ ძალიან მომხიბვლელი. სასტუმროს აშენება და ოპერირება ბევრად ნაკლები ჯდებოდა, შემოსავალი კი, ბევრად მეტი იყო. დღესდღეობით კი, სასტუმრო ოთახების გასაყიდი ფასი არ მომატებულა, ხარჯები კი, სერიოზულად არის გაზრდილი.
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პერიოდულად, სხვადასხვა ინფორმაციით პასუხობს ტურისტების რაოდენობით უკმაყოფილო სასტუმროების ბიზნესს. მაგალითად, ამბობენ, რომ გაზრდილია იანვარში, საქართველოში, Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი; ასევე, საერთაშორისო კვლევითი კომპანია STR Global-ის თანახმად, თბილისში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელიც გაზრდილია. ასევე, გაავრცელეს რელიზი, რომ საქსტატის თანახმად, 2024 წელს წლიურად გაზრდილი არის ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებში დახარჯული თანხები.... პარალელურად კი, სასტუმროების ბიზნესი, ძირითადად, უკმაყოფილოა დატვირთვით. სიმართლე ალბათ სადღაც შუაშია - რა არის ობიექტური რეალობა?
- [ტურიზმის ადმინისტრაცია] ამბობს, რომ პირობითად ერთი ან ორი პროცენტით გაიზარდა ტურიზმი და ა.შ. მაგრამ არ ითვალისწინებენ რამდენი პროცენტით გაიზარდა განთავსების ობიექტები. თუ ადრე ვიყავით 10 სასტუმრო, ახლა ვართ პირობითად 10-ჯერ მეტი და ბუნებრივია, ტურისტების არსებული რაოდენობა არ გვყოფნის [ყველას დასატვირთად]. რა თქმა უნდა, ნაწილი სასტუმროების აუცილებლად გადაკეთდება ბიზნესცენტრებად ან სხვა სახის ოფისებად, განსაკუთრებით თბილისში... ამდენი სასტუმრო ვერ იქნება თუ ტურისტების ზრდა სასტუმრო ნომრების ზრდას ვერ დაეწია.
- მოკლედ, მთავარი გამოწვევაა ის, რომ სასტუმრო ნომრების რაოდენობა დღეს უფრო მეტადაა გაზრდილი, ვიდრე წლიურად ტურისტების რაოდენობა, რომლის მოსაზიდად მუშაობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია?
- დიახ, ორივე ფაქტორია... რა თქმა უნდა, ჩვენც [ინნ ჯგუფმა] ბევრი ნომერი დავამატეთ და ტურისტების რიცხვის ზრდა გვჭირდება... ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რა როგორ უნდა გაკეთდეს და ალბათ, მთავრობასთან კოლაბორაციით უნდა მოვახერხოთ [მეტი ტურისტის მოზიდვა]
- რომელი ბაზრებიდან გვაქვს შანსი, დღეს, საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის?
- ჩინეთიდან და ინდოეთიდან... როგორც ვიცით, ჩინეთთან საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს და გამარტივება კარგია, მაგრამ პირდაპირი რეისები არის ურუმჩიდან, როცა ვფიქრობ, უნდა იყოს ფრენები პეკინში, შანხაიში, გუანჯოუში, რადგან ურუმჩი არაა ისეთი რეგიონი, საიდანაც შეიძლება ბევრი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში...
- ინდოეთზე რას იტყვით - ისევ აქვთ ვიზის აღების პრობლემები ინდოეთის მოქალაქეებს?
- დიახ, არსებობს ვიზების მიღების და საზღვრიდან მიბრუნების პრობლემაც... შეიძლება, ახლა ნაკლებად აქტუალურია, ადრე უფრო იყო გამოწვევა, მაგრამ საერთოდ რატომ უნდა იყოს?! ალბათ ვიზების მიღების პროცედურები უნდა გამარტივდეს. მე მესმის ჩვენი მთავრობის იმ კუთხით, რომ ეშინიათ, [ინდოეთის მოქალაქეები] აქ არ დარჩნენ - ხედავთ, „გლოვოზე“ რამდენი მუშაობს... მახსოვს, ამ თემზე შევხვდით კიდევაც მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურიზმში უკეთესი სიტუაცია იყოს. შეხვედრაზე იყვნენ სერიოზული ბიზნესმენები, რომელთაც აქ უკვე აქვთ ერთი სასტუმრო „როიალ ტულიპი“. ისინი მზად იყვნენ, დაახლოებით, 2 მილიონის ბონდები განეთავსებინათ ანგარიშზე და მათი წინადადება ასეთი იყო - ჩვენ ინდოეთიდან ტურისტებს შემოვიყვანთ და თუ რომელიმე აქ დარჩა, თქვენ ანგარიშიდან ჩამოგვაჭერით X თანხა, მეორე ჯერზე - Y თანხა და მესამედაც თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, მაშინ საერთოდ გაგვიუქმეთ ლიცენზიაო ანუ ამ შემთხვევაში გარანტორი გამოდიოდა თავად ბიზნესი და სახელმწიფოს არ სჭირდებოდა ვინმესთვის დევნა...
- რა პასუხი მიიღეთ სახელმწიფოსგან - არაო?
- არა კი არა, კი გვითხრეს... მაგრამ მერე რატომღაც იმდენი ახალი რაღაც ხდება საქართველოში, ამისთვის ალბათ არავის ეცალა.
- ევროპას რადგან არ ახსენებთ, არადა საქართველოს ტურიზმის სტრატეგია, სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას ითვალისწინებს, არ გვაქვს შანსი?
- ზაფხულობით, ევროპის ქვეყნებიდან ავიარეისები ემატება; მე გეტყვით ერთ რამეს ზაფხულში ტურისტების ნაკლებობა დიდად არ გვაქვს; ჩვენი პრობლემაა თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში როგორ „ვარჩინოთ“ სასტუმროები დაბალ სეზონზე... ვფიქრობ, ამ პერიოდში, სწორედ ინდოელებით, ჩინელებით და ტაილანდელებით უნდა გადავავსოთ [სასტუმროები]. ამისთვის კი, გვჭირდება პირდაპირი რეისები - დავნიშნავდი ჩარტერებს და ამ კუთხით, გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა თანადაფინანსებით, რომელიც რამდენიმე თვეში აღარ იქნება საჭირო. [ბიზნესს] გვიჭირს დაბალი სეზონის დროს... დაბალ სეზონზე ივლის ევროპელი ტურისტი საქართველოში?! ტაილანდს, ინდოეთს, ჩინეთს კი აქვს სურვილი...
- თუ სასტუმრო ბიზნესში სხვებიც ფიქრობენ, რომ ტურისტების მოზიდვის ეს გზა ეფექტიანი იქნება, არ აპირებთ, ერთობლივად, მეტად დამუშავებული წინადადებით მიმართოთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას?
- ჩვენ გვქონდა ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი და მისი მოადგილეც ესწრებოდა...
- წელს გქონდათ შეხვედრა?
- შარშან გვქონდა... მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეკონომიკურ საკითხებამდე ვერ მივედით. [საუბარი] პირდაპირ პოლიტიკურ თემებში [მსჯელობაში] გადაიზარდა. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური დებატები, მაგრამ ალბათ ორ ფორმატში უნდა შევხვდეთ, რადგან ორივე საჭიროა. ეკონომიკურ ფორმატზე უნდა განვიხილოთ ეკონომიკური საკითხები და საერთო აზრამდე უნდა მივიდეთ, რადგან ხშირად ავადმყოფმა ექიმზე კარგად იცის, თავის ავადმყოფობას როგორ უნდა უმკურნალოს და დებატებით უფრო კარგად მივხვდებოდით... ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით, ბევრი რაღაც გვჭირდება და საჭიროა კომუნიკაცია...
- გირეკავენ? ექიმმა ხომ უნდა მოიკითხოს პაციენტი?
- ვიყავით ორჯერ [სამინისტროში] მაგრამ ეკონომიკურ საკითხებამდე ვერ მივედით...
- შარშან თუ იყავით, უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ... ან მეორე ვარიანტია - ექიმი ფიქრობს, რომ პაციენტი ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს და შეიძლება, ამიტომაც არ მოგიკითხეს... ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად სასტუმროების დატვირთულობაზე - „ინნ ჯგუფის“ სასტუმროებს საიდან ჰყავს ტურისტები?
- გეოგრაფია იგივეა - ისრაელი, ლიეტუვა, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები... ზამთრის სეზონით კმაყოფილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ გვიან მოვიდა თოვლი, „გუდაური ინის“ დატვირთულობა 80%-ზე მაღალი იყო. ქუთაისში, თბილისსა და ახალციხეში კი, ტურისტების კლება გვაქვს...
- გასაგებია, რომ საკუთარ კრედიტს დღეს ვერ ემსახურებიან სასტუმროები, მაგრამ საბიუჯეტო ვალდებულებებს და ხელფასებს თუ იხდიან საკუთარი შემოსავლებით?
- ხელფასები და გადასახადები თბილისმა და ქუთაისმა დაფარა, ახალციხემ - ვერ.
- თუმცა მიუხედავად გამოწვევებისა, თქვენ არ აპირებთ სასტუმროების გაყიდვას ან პროფილის შეცვლას?
- გამორიცხულია, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს... პირიქით, ჩვენ კიდევ ახალი ახალი ინვესტიციები განვახორციელეთ. მაგალითად: თბილისში, „ივერია ინნის“ რენოვაცია გავაკეთეთ; ქუთაისში სამსართულიანი საცურაო აუზის მშენებლობა დავიწყეთ; ასევე, გუდაურშიც ახალი კორპუსი დავამატეთ პანორამული ხედებით და საკონფერენციო დარბაზებით.
- და მაინც, რას ეტყოდით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია, გარდა იმისა, რომ ხანდახან ექიმმა ავადმყოფი უნდა მოიკითხოს...
- ჩვენც უნდა მოვიკითხოთ [ისინი]...
- რა ფორმატში წარმოგიდგენიათ საქმიანი შეხვედრა სახელმწიფო უწყებების და ბიზნესის მონაწილეობით, სადაც ისინი თავის მონაცემებს გაგაცნობენ და ტურიზმის ინდუსტრიაც თავისი მდგომარეობის შესახებ მოჰყვება, ვიდრე მთავრობამ პრესრელიზებით უპასუხოს ბიზნესს ან მარიამ ქვრივიშვილმა tv ინტერვიუებიდან გითხრათ, რომ „ტურიზმი სხვა არაფერია თუ არა ციფრები“...
- მარიამ [ქვრივიშვილი] ჩვენზე მეტად დარდობს ამ საკითხზე და ჩვენზე მეტს მუშაობს. ალბათ მსგავსი შეხვედრა ჩვენ უნდა დავაინიციროთ და შევთანხმდეთ, რომ მოდით, პოლიტიკურ საკითხებზე ცალკე შევხვდეთ, ეკონომიკურ საკითხებზე - ცალკე, რადგან თუ ვერ მივედით ეკონომიკურ თემებზე მსჯელობამდე, შეხვედრა დარჩება შეხვედრად... შეხვედრის მთავარი თემა კი უნდა უნდა იყოს - როგორ გავზარდოთ ტურისტების რიცხვი დაბალ სეზონზე, თორემ ზაფხულში, არც შარშან ვიყავით უკმაყოფილო.