მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ფრენების დაწყებაზე მუშაობს - ქვრივიშვილი მნიშვნელობაზე

მარიამი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ავიამიმოსვლის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

შეთანხმება კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა მეორე მოსმენაზე წარადგინა. მისი თქმით, ეს შეთანხმება ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის იქნება დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის დაბრუნდეს და აღდგეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ტურიზმსა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

„შეთანხმების განახლება განაპირობა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებამ. აღნიშნული პროცესის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყო ყველა ორმხრივი ხელშეკრულების გადახედვა. საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმებული შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატი ბეჟან წაქაძე დაინტერესდა, თუ რას მოუტანს ქვეყანას აღნიშნული შეთანხმების გაფორმება.

“ამ შეთანხმებით ჩვენ არ შევდივართ გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სიხშირით რამდენმა ავიაკომპანიამ უნდა იფრინოს. ეს არის ბაზრის მოთხოვნა/მიწოდებაზე დამოკიდებული შეთანხმება იმისთვის, რომ სახელმწიფოებმა არ მოახდინონ ჩარევა ავიაკომპანიების კომერციულ გადაწყვეტილებაზე. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ გაძლიერდება უფრო მეტად ჯანსაღი კონკურენცია და თუკი ინტერესი იქნება, ბევრი ავიაკომპანია იფრენს, ეს დადებითად უნდა აისახოს ავიაბილეთების გაიაფებაზე და დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ისევე როგორც ტურისტების ეკონომიკურ მდგომარეობაზე”, - უპასუხა წაქაძეს მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე, ეკა სეფაშვილი დაინტერესდა სტატისტიკური მაჩვენებლებით, თუ რამდენი ტურისტი შემოვიდა ბრიტანეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადები მზარდია.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ანალიზს ასევე მგზავრთნაკადის კუთხით. თუ სწორად მახსოვს, ჯამში 45 ათასი ადამიანი მოძრაობს, მათ შორის ჩვენი მოქალაქეები, როგორც ბრიტანეთიდან მოგზაური პირები. პირდაპირი რეისები ყოველთვის სტიმულია, რომ გაიზარდოს, გასამმაგდეს, გაოთხმაგდეს ტურისტული ნაკადები, ამიტომ ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ დაინიშნოს პირდაპირი რეისები ორ ქვეყანას შორის. ვფიქრობთ, დადებითი გადაწყვეტილების შედეგი ტურისტების ნაკადების და შემოსავლის ზრდაზე დადებითად აისახება, რადგან ბრიტანეთიდან ჩამოსული ტურისტები განსაკუთრებით მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან”, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე. დოკუმენტის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები