საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლის საკითხში პრობლემას ვერ ხედავს. საკითხზე მან განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე უპასუხა.
საქმე ის არის, რომ კერძო სექტორის ინფორმაციით, მათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის დახმარებით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოახერხეს შეხვედრა და ინდოეთის საკითხზე საუბარი, თუმცა უწყებისგან გამაოგნებელი პასუხი მიიღეს, რომ ვიზებზე პასუხებს ხელოვნური ინტელექტი გასცემს და უწყება არაფერ შუაშია. bm.ge დაინტერესდა, თუ რატომ ვერ გვარდება პრობლემა წლების განმავლობაში და რატომ იღებენ დაუსაბუთებელ უარს ინდოელი ტურისტები საქართველოში შემოსვლაზე.
„მე არ ვთვლი, რომ პრობლემა გადასაწყვეტია. არ ვთვლი და არ გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ სავიზო პროცედურები არ გვაქვს მოქნილი. ჩვენ გვაქვს ცალსახად გაწერილი პროცედურა, რომელიც უნდა გაიაროს ყველა მსურველმა იმისთვის, რომ მიიღოს საქართველოში შემოსვლის უფლება. ისინი, ვინც არ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს, ვერ იღებენ ვიზას. არ შემიძლია დაგეთანხმოთ იმაში, რომ ჩვენ ეს საკითხი გადასაწყვეტი გვაქვს. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა პროცედურა ნებისმიერისთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლა უნდა. სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა და შემოსული ვიზიტორების მაჩვენებელი აჩვენებს, რომ ჩვენ ხელოვნურ ბარიერებს არ ვქმნით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.