მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი გიდებზე: დიალოგს გავაგრძელებთ, ცვლილებებს არ გამოვრიცხავ

ქვრივიშვილი ომიაძე
01.03.24 19:55
566

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის სექტორთან კომუნიკაცია გაგრძელდება და გამორიცხული არაა, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს.

ქვრივიშვილმა ტურიზმის შესახებ ახალ კანონპროექტთან და ქართველი გიდების შენიშვნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეგულაციები დაბალანსებულია და მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის ზრდის წახალისებაა.

„კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია იმ განხილვებთან, რომელიც მიმდინარეობდა კერძო სექტორთან. საქართველოს მთავრობის პოზიცია არასდროს ყოფილა, რომ მომხდარიყო ხისტი ჩარევა ინდუსტრიის რეგულირებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის ინდუსტრია უდიდეს ეკონომიკურ ღირებულებას ქმნის და პირველ რიგში გვინდა, აღნიშნული ინდუსტრიის სიკეთეები მოსახლეობაზე აისახოს. აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ დაბალანსებული კანონპროექტი. იმისთვის, რომ გიდების მოტივაცია გაზრდილიყო, ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, სერტიფიცირების შემთხვევაში, გარკვეული საშეღავათო პირობები დაწესდეს ისეთ ობიექტებზე, რომელთა მფლობელიც არის საქართველოს მთავრობა და სხვადასხვა უწყებები, მაგალითად დაცული ტერიტორიები და ა.შ. ეს პირდაპირ აისახება გიდების ეკონომიკურ სარგებელზე. რა თქმა უნდა, განვაგრძობთ დიალოგს კერძო სექტორთან, თუკი არსებობს კონკრეტული შეხედულებები, არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი ცვლილებებიც აისახოს კანონპროექტში, ეს არის პროცესი და მნიშვნელოვანია, ჩვენმა თითოეულმა გადაწყვეტილებამ სტიმული მისცეს ინდუსტრიის ზრდას“,- განაცხადა ქვრივიშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ.

პარლამენტმა ტურიზმის შესახებ ახალი კანონი 2023 წლის ბოლოს მიიღო. სექტორის წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ, მათ შორის, კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ უცხოელი გიდები ადგილობრივ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებენ, რის გამოც მათი საქმიანობის გარკვეულწილად შეზღუდვას მოითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები