მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ბურდილაძე იპოთეკური სესხების სუბსიდირების კრიტიკოსებს პასუხობს

5ef70f5822818
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.20 13:18
1515
M2 group-ის თანადირექტორი ირაკლი ბურდილაძე ოპონენტებს პასუხობს, ვინც სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგორამას აკრიტიკებს. ამის შესახებ მან BMG Lunch-ში ისაუბრა.

ირაკლი ბურდილაძის თქმით, ერთი მხრივ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ იპოთეკური სესხების თანადაფინანსების დროს გადასახადის გადამხდელები ასუბსიდირებენ სხვა ადამიანის იპოთეკურ სესხს, თუმცა, ბიზნესმენის თქმით, მედალს მეორე მხარეც აქვს.

“მედლის მეორე მხარე გახლავთ ის, რომ ბევრ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, იპოთეკურ სესხზე გადახდილი პროცენტი გამოიქვითება საშემოსავლო გადასახადის დათვლის დროს -  ანუ როცა იღებთ იპოთეკურ სესხს, მასზე გადახდილი პროცენტით, გიმცირდებათ ის ბაზა, საიდანაც თქვენ იხდით საშემოსავლო გადასახადს. საქართველოში ეს არ ხდება. მთელი შემოსავლიდან იხდით საშემოსავლო გადასახადს და ამას დამატებული, იპოთეკური სესხის პროცენტს.

სესხების სუბსიდირების დროს კი რა გამოდის?- სახელმწიფო მხოლოდ 5 წლის განმავლობაში უკან გიბრუნებთ თქვენს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილს.

მაგალითად, 100 ათას ლარამდე სესხი რომ აიღოს ადამიანმა, მას წლიურად უნდა ჰქონდეს შემოსავალი 60 ათას ლარამდე. აქედან საშემოსავლო გადასახადი 12 ათასი ლარია. 4%-ის სუბსიდირება 100 ათას ლარზე კი 4 ათასი ლარია. შესაბამისად, სახელმწფო მხოლოდ 4 ათას ლარს გიბრუნებთ ისიც 5 წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხები კი ძირითადად 10 წლიანია”,- ამბობს ირაკლი ბურდილაძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.