მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე განცხადებას ავრცელებს

641dea8d6ccf4
BM.GE
24.03.23 22:40
1082
ირაკლი კოვზანაძე განცხადებას ავრცელებს. 

Bm.ge მას უცვლელად გთავაზობთ. 


"ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო! მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი დინამიური და გამოწვევებით აღსავსე მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

ჩემი ხელმძღვანელობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარტნიორ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. დაწესდა ადექვატური ზედამხედველობა ბიუჯეტურ პროცესზე და სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივ გამოყენებაზე. კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მიღებულია მნიშვნელოვანი კანონები, როგორც საბანკო და სადაზღვევო სისტემებში ჯანსაღი კორპორატიული მართვის დანერგვისა და გაძლიერების, ასევე ადექვატური საბანკო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.

მიუხედავად უამრავი გამოწვევისა (გარე და შიდა შოკები, პანდემია, რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ინფლაციური პროცესები და სხვა)
ქვეყანაში, დღეისათვის, შენარჩუნებულია მაკრო-ეკონომიკური მდგრადობა, საბანკო სექტორის სიჯანსაღე და მაღალი ლიკვიდობა, ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლს ექვემდებარება, ლარის კურსი სტაბილურია.

სისტემური რეფორმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების: სავალუტო ფონდის(IMF), მსოფლიო ბანკის(World Bank), ევრობანკის(EBRD), IFC, USAID, KFW და სხვა დონორების მუდმივი მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა მათ.

საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ, ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. პარლამენტს და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს", - წერს იგი სოციალურ ქსელში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები