20.ნოემბერი .2019 14:22

ირაკლი კოვზანაძე: სებ-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააგვიანა

views 354
უკან

"ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ დაგვიანებით,"- აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. ამასთანავე, დეპუტატი სებ-ს რეალობასთან დაბრუნებისკენ და ინფლაციის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 

“ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას. ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ დღევანდელ დღესაც, რომ ინსტრუმენტები გამოყენებული იყოს დროულად. მათ შორის მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და სხვა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია იქნეს დათრგუნული და ლარის კურსი და ასევე როგორც გითხარით ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნული,”- ამბობს ირაკლი კოვზანაძე. 

სექტემბრის შემდგომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს. 

"2019 წლის ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს (5.4% იყო არსებული პროგნოზი). ჩვენ მოველით, რომ ინფლაცია წლის ბოლოს გაიზრდება, რის შემდეგაც ის შემცირდება იმის შესაბამისად, რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა. 

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა