მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძემ კახა კუჭავა და ბიუროს წევრები გააკრიტიკა

60d1cc9575c3d
ინგა მურუსიძე
22.06.21 16:08
2540
„საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების ერთი პუნქტის მიღებაც კი ბიუჯეტში 250-მილიონიან ცვლილებას ნიშნავს", - განცხადება ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

საქმე ეხება ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს, რაზეც გადაწყვეტილება 21 ივნისის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

კანონპროექტით, კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი კიდევ 6 თვით უნდა გაგრძელდეს, რაც საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში 225-მილიონიან კლებას ნიშნავს.

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დამატებით 6 კალენდარული თვით გრძელდება ზემოაღნიშნული შეღავათის, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრული ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვით დამქირავებელი უფლებამოსილია, შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება“, - განმარტავს ინიციატორი.

ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას თავისი პატივისცემა დაუდასტურა, მაგრამ იქვე გააკრიტიკა და უთხრა, რომ ახალი რეგლამენტით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს.

„გაგიტარებიათ საკითხი ტექნიკური სახით და რომ იცოდეთ, ამ კანონპროექტის მხოლოდ პირველი პუნქტის მიღება ბიუჯეტში 250 მილიონი ლარის ცვლილებას იწვევს. ვფიქრობ, ბიუროზე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ბევრად უფრო ღრმა განხილვები. ახლა რეგლამენტს დავემორჩილებით და განვიხილავთ საკითხს, მაგრამ მომავლისთვის გავითვალისწინოთ. მინდა ყველას გთხოვოთ, როცა მოთხოვნა იქნება კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განხილვაზე, მოვისმინოთ ინიციატორის განმარტება და წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ეთანხმება თუ - არა.

სხვა შემთხვევაში არ დაუჭიროთ მხარი. ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი სამ დღეში უნდა მივიღოთ, საგადასახადო კოდექსია, ასეთი მაღალი დეფიციტის პირობები გვაქვს და როგორ წარმოგიდგენიათ ეს? გთხოვთ, მომავალში ბატონო კახა, თქვენც, ეს პროცესი იქნებ გავითვალისწინოთ“, - მიმართა კოლეგებს კოვზანაძემ და იქვე ახსნა მიზეზი, რატომ არ ესწრებოდა ბიუროს გუშინდელ სხდომას.

„ვერ ვესწრებოდი ბიუროს, ვერც კომიტეტის წევრები დაესწრენენ, რადგან  კომიტეტის 7-საათიანი სხდომა გვქონდა. კენჭისყრები უნდა ჩაგვეტარებინა და ყველა წევრის ყოფნა აუცილებელი იყო“, - განაცხადა კოვზანაძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძეს უთხრა, რომ როდესაც ბიუროს და კომიტეტის სხდომები პარალელურ რეჟიმში იმართება, ბიუროს სხდომას კომიტეტის რომელიმე წარმომადგენელი მაინც დაესწროს.