მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ლეგალურად დასაქმება 2 ათას ადამიანს სურს, ვაკანსია კი მხოლოდ1000-ია

62986aeda9f9f
მარიამ ვარადაშვილი
02.06.22 12:00
2882
მთავრობის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში ცირკულარული მიგრაციის პროგრამები მოხვდა, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველო გერმანიასთან და ისრაელთან ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა ამ დრომდე არავინ დასაქმებულა. დასაქმების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე ამ პროგრამისთვის შექმნილ სპეციალურ კურსს გადის. მთავრობის ანგარიშის თანახმად, წლის ბოლომდე ამ პროგრამით დასაქმების საშუალება 1000 ადამიანს შეეძლება.

“ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1000 მოქალაქეს”,-წერია ანგარიშში.

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი გასული წლის აპრილიდან დაიწყო.

ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს.