რამდენიმე დღის წინ, ღაზის სექტორში ბაზირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელის სამხრეთ რეგიონზე მოულოდნელი იერიში მიიტანა, რითაც ქვეყანას და რეგიონს შორის ისედაც ათწლეულობით დაძაბული ურთიერთობა, ომში გადაიზარდა. ისრაელში არსებულ კრიზისს უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ნაწილი ღიად უჭერს მხარს ისრაელს, ნაწილი კი - ერთიანი პალესტინის პრინციპს აღიარებს. ამ ყველაფერთან ერთად, ისრაელი დიდი მიგრაციული ტალღის მომსწრე გახდა - ადამიანების ნაწილი ომში მყოფ ქვეყანას ტოვებს, მაგრამ ათასობით ისრაელელი ამ დროს, პირიქით, ქვეყანაში ბრუნდება, რაც ამ ხალხის განსაცდელის წინაშე გაერთიანების უნარზე მიუთითებს.
ისრაელში ომის დასრულების შემდეგ, ცხადია, საჭირო გახდება დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენა. თუ უკრაინაში, მაგალითად, ამ საქმეს უკრაინის მთავრობა მსხვილ ამერიკულ კომპანიებთან ერთად ითავებს, ისრაელის ინფრასტრუქტურული განახლების პროცესში, სავარაუდოდ, ამ ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ამიტომაც გადავწყვიტეთ უმდიდრესი ისრაელელების შესახებ მოგიყვეთ.
#1 - ეიალ ოფერი
ასაკი: 73
ქონება: $18.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: გადაზიდვები, უძრავი ქონება და ტექნოლოგიები
ამერიკული Forbes-ის დათვლებით, უმდიდრესი ისრაელელების რეიტინგს 73 წლის ეიალ ოფერი ლიდერობს, რომელიც ისრაელში კი დაიბადა, მაგრამ ამჟამად მონაკოში ცხოვრობს. ეიალ ოფერი ერთბაშად რამდენიმე კომპანიას ფლობს, რომლებიც წარმოდგენილია, როგორც გადაზიდვების, ასევე უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. ამასთან, ოფერი მნიშვნელოვან წილს ფლობს Royal Caribbean Cruises-ში, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი საკრუიზო კომპანიაა. აღნიშნული კომპანიების ფლობის შედეგად, ეიალ ოფერის ქონებას ამერიკული Forbes-ი $18.9 მილიარდად აფასებს და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში რიგით 86-ე უმდიდრესი ადამიანია. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეიალ ოფერის ქონების უდიდესი ნაწილი ოჯახის სიმდიდრეზე მოდის, მაგრამ ვერც იმას დავუკარგავთ ამ ადამიანს, რომ გადამზიდავი კომპანია, რომელიც მას მამისგან ერგო, ეიალმა ერთ-ერთ უდიდეს გადამზიდად აქცია მსოფლიოში, რომელიც დღეს 180-ზე მეტ გემს ფლობს.
#2 - იდან ოფერი
ასაკი: 68
ქონება: $14 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: გადაზიდვები
სხვათა შორის, სწორედ ზემოხსენებულ გადამზიდავ კომპანიას უნდა უმადლოდეს საკუთარ სიმდიდრეს რიგით მეორე უმდიდრესი ისრაელელი იდან ოფერი, რომელიც ზემოხსენებული ეიალის უმცროსი ძმაა. უფროსი ძმის მსგავსად, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება მანაც შეძლო, რაც მისი ქონების $14-მილიარდიან შეფასებაზეც ჩანს. იდან ოფერის უმსხვილეს აქტივებს შორის ვხვდებით, როგორც მსოფლიოს უმსხვილეს კერძო გადამზიდავ კომპანია Eastern Pacific Shipping-ს, ასევე ისრაელის ერთ-ერთ უდიდეს კონგლომერატ Israel Corporation-ს, რომელიც, თავის წილ, მინერალური სასუქების, სოფლის მეურნეობის დანადგარებისა და მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელ კომპანიებსაც ფლობს. თუმცა უფროსი ძმისგან განსხვავებით, იდან ოფერს ერთი განსაკუთრებული ინტერესიც აქვს - ფეხბურთი. იდან ოფერი ფლობს, როგორც ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ “ატლეტიკო მადრიდს”, ასევე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე “ფარმალისაოს”.
#3 - დმიტრი ბუხმანი და იგორ ბუხმანი
ასაკი: 38 და 41
ქონება: $6.9 მილიარდი და $6.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ვიდეოთამაშები
როგორც ხედავთ, ისრაელელი მოქალაქეების რეიტინგის პირველ და მეორე ადგილს ძმები იკავებენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იგივე ვითარებაა მესამე ადგილზე, რომელიც თანაბრად შეხვდა ძმებ დმიტრი და იგორ ბუხმანებს, რომლებიც, სხვათა შორის, თვითშემდგარი მილიარდერები არიან. თითოეული ძმის ქონებას ამერიკული ფორბსი $6.9 მილიარდად აფასებს, ანუ კუმულაციურად, ისინი $13.8 მილიარდის ქონებას ფლობენ. სწორედ დმიტრი და იგორ ბუხმანებს უკავშირდება მობილური ვიდეოთამაშების მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია Playrix-ი, რომელიც ძმებმა ჯერ კიდევ 2004 წელს, რუსეთში დააფუძნეს. კომპანიის პირველ წლებში, ბუხმანები ნიშურ თამაშებზე მუშაობდნენ, მაგრამ 2009 წელს Fishdom-ი გამოუშვეს, რომელმაც კომპანიას მყისიერი წარმატება მოუტანა. მას შემდეგ კი, Playrix-მა 20-ზე მეტი სხვა თამაშიც გამოუშვა, რომლებიც, ჯამში, სამ მილიარდზე მეტი გადმოწერა დაუგროვდათ. ამასთან, დმიტრი და იგორ ბუხმანები გამოირჩევიან ქველმოქმედებითაც.
#4 - იური მილნერი
ასაკი: 61
ქონება: $6.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტექნოლოგიები
დმიტრი და იგორ ბუხმანების მსგავსად, ისრაელის უმდიდრესი მოქალაქეების რეიტინგის მე-4 ადგილსაც წარმოშობით რუსი ინვესტორი, 61 წლის იური მილნერი იკავებს, რომლის ქონებას ამერიკული ფორბსი $6.8 მილიარდად აფასებს. იური მილნერი Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელია, მაგრამ მისი ქონების უდიდესი ნაწილი არა რუსეთის ფედერაციას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს და კერძოდ სილიკონის ველს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ იური მილნერი ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებით გამდიდრდა. იური მილნერის პორტფელში, სხვადასხვა დროს, შევხვდებოდით, როგორც Facebook-ს, ასევე Twitter-ს, Airbnb-ს, Spotify-სა და ჩინური Xiaomi-საც კი. ამასთან, იური მილნერი აქტიური საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის Breakthrough Prize Foundation-ი, რომელიც ტექნოლოგიებში ჩართულ ადამიანებს შვიდ კატეგორიაში აჯილდოებს, თანაც ყოველწლიურად. თუმცა იური მილნერის ბიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი გასულ წელს უკავშირდება, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო, მილნერმა რუსეთის მოქალაქეობა დათმო და ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად $100 მილიონი გამოყო.
#5 - სტეფ ვერტჰაიმერი
ასაკი: 97
ქონება: $6.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ინდუსტრია
რიგით მეხუთე უმდიდრესი ისრაელელი ერთ-ერთი უხუცესი მილიარდერია მსოფლიოში. ამ ადამიანის სახელია სტეფ ვერტჰაიმერი და ის 97 წლისაა. სტეფ ვერტჰაიმერი სიმდიდრე, სხვათა შორის, დიდწილად კიდევ ორ ხნიერ მილიარდერს, ამერიკელ ინვესტორებს - უორენ ბაფეტსა და ჩარლი მანგერს უკავშირდება, რადგან სწორედ Berkshire Hathaway-მ შეიძინა ვერტჰაიმერის მიერ დაფუძნებული ISCAR-ი $6.4 მილიარდად. ეს კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიული საჭრელების წარმოებითაა დამოკიდებული. თუმცა კომპანიის ისტორიის გარდა, რომელიც, ლამის იმდენივე წლისაა, რამდენისაც თავად მილიარდერი, საინტერესოა სტეფ ვერტჰაიმერის ცხოვრება. ის 1926 წელს, გერმანიის ქალაქ კიპენჰაიმში დაიბადა და ბავშვობაში ჰოლოკოსტს გადაურჩა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი, ისრაელში გადასახლდა, სადაც ადრეულ 80-იან წლებში ისრაელის პარლამენტის, ანუ ქნესეთის წევრიც კი იყო.
აი, ასეთია ისრაელის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი, რომელშიც, სხვათა შორის, ჯამში, მხოლოდ 31 ადამიანი მოხვდა, რაც დიდწილად იმითაა განპირობებული, რომ ეთნიკურად ისრაელელი მოქალაქეები, ხშირად, სხვა ქვეყნის პასპორტებს ფლობენ და შესაბამისად, ამ რეიტინგში ვერანაირად ვერ მოხვდებიან.