მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის დარეგისტრირებული 1 556 პირიდან, მოთხოვნები მხოლოდ 60-მა დააკმაყოფილა

61027add1dd7b
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 00:13
1143
საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ლეგალურად დასაქმების შეთანხმების შემდეგ დასაქმების პორტალზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 12 აპრილს დაიწყო. თუმცა დღემდე ინფორმაცია იმის შესახებ რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული არ გაჟღერებულა. ამასთან საქართველო ისრაელის ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართველების ლეგალურად დასაქმების საკითხთან დაკავშირებით მეტად უნდა იმუშაოს.

იმის გასარკვევად თუ რამდენი ადამიანი დასაქმდა საქართველოდან ისრაელში ლეგალურად BM.GE დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ზემოხსენებული შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ისრაელის სახელმწიფოში ჯერ არ დასაქმებულა. სააგენტოში განმარტავენ, რომ შესული 1556 განაცხადიდან დიდმა ნაწილმა შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის მთავრობას შორის, ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველთათვის განკუთვნილ შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია წარმატებით 1 556-მა პირმა გაიარა.

მათი უმრავლესობა, სამწუხაროდ ვერ აკმაყოფილებდა ზემოხსენებული შეთანხმებით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა ტექნიკური თუ პროფესიული პარამეტრები.

სათანადოდ, ისრაელის სახელმწიფოში შესაბამის მხარესთან სულ 125 განაცხადი გაიგზავნა. პირველადი გადარჩევის შემდგომ განმცხადებლებთან გასაუბრება შედგა და ენის ტესტიც ჩატარდა, რომელიც ასევე გათვალისწინებული არის ხსენებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით. საბოლოო შერჩევისთვის ისრაელის სახელმწიფოში 60 განაცხადი გაიგზავნა, სათანადოდ ველოდებით ისრაელის მხარისაგან საბოლოო დასტურს“, - აცნობეს BM.GE-ის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის, ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველთათვის განკუთვნილ შესაბამის პორტალზე რეგისტრაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება და დროში შეზღუდული არ არის.

ცნობისთვის: ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. სამუშაოს ხანგრძლივობა სრული განაკვეთით, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათია. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში კი 5 300 შეკელია.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება მაქსიმუმ 63 თვემდე იქნება შესაძლებელი. სამუშაო ადგილების კვოტა - საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე იგეგმება.