მომდევნო კვირაში პარლამენტში დარეგისტრირდება ქართული ოცნების წევრის, ანრი ოხანაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულებას აწესებს. ამასთან კანონპროექტი შესაბამის სანქციებსაც განსაზღვრავს, რაც პირბადის არ გაკეთებისთვის იქნება დადგენილი. ამის შესახებ განცხადება დღეს თავად დეპუტატმა გააკეთა.
"პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა ოხანაშვილმა.
1 ივნისს პარლამეტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმების დაწესების თაობაზე კანონპროექტის მომზადება პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს დაავალა. ამასთან თალაკვაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ჯარიმები გონივრული მოცულობის უნდა ყოფილიყო.
BMG კანონპროექტის შესახებ მეტ დეტალს მათ შეტყობისთანავე შემოგთავაზებთ.