მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებოს ფუნქცია არ ექნება" - ოხანაშვილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციის პროცესზე

ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის პლენარულ სესიაზე “რუსული კანონის” მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. შეკითხვებს ანრი ოხანაშვილი პასუხობს. განხილვა დღეს კანონპროექტის მეოთხე მუხლიდან დაიწყეს.

განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ხუთი დეპუტატი გააფრთხილა და ორი დეპუტატი - თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააძევა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატები საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასმის ნაცვლად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და თუ პროცესი ამ რეჟიმში გაგრძელდება, ის შეწყვეტს კითხვების დასმას და მომდევნო მუხლის გადასვლაზე გადავა.

სესიაზე ერთ-ერთი შეკითხვა სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით დაისვა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებოს ფუნქცია არ ექნება.

“სამინისტროს არ ექნება იმის ფუნქცია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელოს. ჩხრეკა/ამოღება ჩაატაროს და ა.შ. იცით და მაინც სვამთ ამ კითხვას.

გრანტში გათვალისწინებული მიზნობრიობა თუ მითითებულია, იგივე უნდა მიუთითოს [ორგანიზაციამ], ამას თუ არ მიუთითებს, ეს იქნება არასწორი ინფორმაციის მითითება და ამაზე გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ხოლო თუ გრანტი კონკრეტული მიზნობრიობით მიიღო და დონორის წინაშე ანგარიშვალდებულია, რაშია პრობლემა, რომ საზოგადოებას უთხრას, რატომ მიიღო გრანტი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღსანიშნია, რომ კანონპროექტის მესამე მუხლით გათვალისწინებულია, რომ სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, მისთვის "განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს განაცხადი, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო განაცხადის ავტორს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განაცხადის ავტორი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. სააგენტო ვალდებულია, ამ ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები