მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის მორიგი შეუსრულებელი დაპირება - რა ხდება წყალტუბოში?

614490f403258
ელენე გოგბერაშვილი
17.09.21 20:30
2160
„ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს“ - ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებიდან ორი წლის თავზეც წყალტუბოს ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურა ისევე ამორტიზირებულია - მილიარდერს, ჯერჯერობით, არ უყიდია არც სანატორიუმები და არც აბანოები, შესაბამისად, არც იმერეთის მხარეს უგრძვნია ის აღმავლობა, რასაც ივანიშვილი ჰპირდებოდა. 

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გვიდასტურებენ, რომ 2019 წლის შემდეგ მათ ბალანსზე არსებული არცერთი სანატორიუმისა და აბანოს პრივატიზაცია არ მომხდარა. სააგენტომ ასევე დაგვიზუსტა, რომ დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო იქ არსებული სანატორიუმებიდან მხოლოდ 14-ის მესაკუთრეა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ერთი საინტერესო პასაჟია, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა კურორტის ერთიანი სტრატეგიული განვითარების ხედვა და ამის გამო იყო ბიზნესი ინერტული. დღეს კი ვიცით, რომ მთავრობამ წყალტუბოს განვითარების გეგმა მაგიდაზე დადო, თუმცა ამ ნაწილში საინტერესო დეტალია ისიც, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს მთავრობის დავალებითა და უცხოელი კონსულტანტების შესრულებით უკვე გვქონდა წყალტუბოს განვითარების სტრატეგია, მაგრამ მთავრობისვე გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ კურორტის განვითარების გენერალური გეგმა მომზადდა, რაზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.

ჩვენი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ მუნიციპალური განვითარების ფონდს კურორტზე მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი არ აქვს. სამწუხაროდ, ფონდმა ჩვენთან არ ითანამშრომლა - არც მიმდინარე და არც სამომავლო პროექტების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია, ჯერჯერობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო წყალტუბოს სანატორიუმებს ხურავს და წლების განმავლობაში იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები საკურორტო ზონიდან ახალ საცხოვრებელ ბინებში გაჰყავს. მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე 37 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ეტაპზე დაზუსტებით რთულია თქმა, აქვს თუ არა ისევ ინტერესი წყალტუბოს მიმართ. მის კუთვნილ ტურიზმის განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ წყალტუბოს სანატორიუმები ფონდის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ, "ქართუ ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ ჩვენს კითხვას არ უპასუხა.

წყალტუბოსთან დაკავშირებით ივანიშვილის გეგმებზე, რომელიც მან 2019 წლის ოქტომბერში გააჟღერა, რამდენიმე დღის წინ bm.ge-მ კითხვა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასაც დაუსვა. ის ადასტურებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ, თუმცა თავს არიდებს კონკრეტულ პასუხს კითხვაზე - ივანიშვილი ისევ გეგმავს კურორტის განვითარების სათავეში ჩადგომას და სანატორიუმების და აბანოების შესყიდვას თუ - არა.

„წყალტუბოს მიმართულებით 2 წლის წინ დაანონსებული გეგმა აღსრულების ეტაპზეა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაუკვეთა და საკმაოდ საინტერესო გენერალური განვითარების გეგმა დაიდო, რომლის საჯარო განხილვებიც გაიმართა. პარალელურად, სახელმწიფო ამზადებს იქ არსებულ სანატორიუმებს და შენობებს საპრივატიზაციოდ, რაც ბიზნესისთვის საკმაოდ მიმზიდველია. გეგმაზომიერად ხდება განსახლება. ეს ცალკე პროგრამაა, ყველაფერი კომპლექსში მოგვცემს საშუალებას, რომ საპრივატიზებოდ გამოვიტანოთ იქ არსებული შენობები სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მაღალი იქნება ბიზნესის ინტერესი“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ამ კომენტარიდან ლოგიკური კითხვა ჩნდება, ხომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს კურორტის ქონების საჯარო აუქციონზე ყიდვას.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამ კითხვაზეც პირდაპირ არ გვპასუხობს და მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ "ბატონმა ბიძინამ დიდი სტიმული მისცა ამ კურორტის განვითარებას".

„ბატონი ბიძინა წლების მანძილზე ე.წ. სოციალურ ინვესტიციებს ახორციელებს, რაც მოგებაზე არ არის ორიენტირებული. მისი ეს წინადადებაც იქით იყო მიმართული, რომ კერძო ბიზნესი წაეხალისებინა, რათა იმ შემთხვევაში, თუ დახმარება დასჭირდება სახელმწიფოს, ან კერძო ბიზნესს, ამ კურორტის განვითარებაში, ის და მისი ფონდი „ქართუ“, როგორც ყოველთვის, აქ არის და მზად არის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეს გეგმა ისე დაეწყო და ბიზნესის ინტერესიც იმდენად მაღალია, რომ აქ ბიზნესი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ პრივატიზაციაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მოკლედ, წყალტუბოს აღორძინების პროექტზე ივანიშვილის დაპირება პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ყოფილი პრემიერი მასშტაბურ ინვესტიციას აანონსებს, მაგრამ შემდეგ არ ახორციელებს; მთავრობა კი ცდილობს აღნიშნული იმით ახსნას, რომ სახელმწიფოს მისი კონტრიბუცია არ დასჭირდა. ამის მაგალითია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც 2016 წელს დაანონსდა და ივანიშვილის "ქართუს" 100 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, მაგრამ ამ პროექტსაც სახელმწიფო ახორციელებს.