26.ივლისი .2021 18:33

ივნისში ბანკებში არსებული დეპოზიტები 887 მილიონი ლარით შემცირდა

ივნისში ბანკებში არსებული დეპოზიტები 887 მილიონი ლარით შემცირდა
views 413
უკან

ივნისში ქართულ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 887 მილიონი ლარით შემცირდა. 1 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობამ 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით (2.51%) ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ამ კლებამ 0.10% შეადგინა, შესაბამისად, კლების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო, რამაც სავალუტო დეპოზიტების მოცულობა (ლარებში გამოსახული) შეამცირა. 

"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.98 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.70 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.96%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 

დეპოზიტებთან ერთად გასულ თვეში გაცემული სესხების ნაშთიც შემცირდა. ამ შემთხვევაშიც კლების ძირითადი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო. 

"2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 318.79 მლნ ლარით (0.81%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.71%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.21 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 464.05 მლნ ლარით (2.57%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 782.84 მლნ ლარით (3.64%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.99%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.89 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.52%-ით მეტი).
2021 წლის ივნისის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 25.28 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 19.59 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.18% შეადგინა, 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.55 პროცენტული პუნქტით", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა