მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში სასტუმროს ფასების ინდექსი მაისთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა - PMCG

60ec3c0d47e00
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.21 21:17
657
PMCG-ის კვლევითი ცენტრი ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც სასტუმროების ფასების ინდექსის ცვლილება დეტალურად არის მიმოხილული.

კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, 2020 წლის იანვრის შემდეგ სასტუმროების ფასების ინდექსის (HPI) დადებითი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა, როგორც 2020 წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ასევე 2019 წლის ივნისთან შედარებით.

„ეს საზღვრების გახსნიდან გამომდინარე ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინებით, ასევე, 2019 წლის ივნისში შოკისგან (რუსეთიდან ფრენების აკრძალვა) გამოწვეული დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული“, - განმარტავენ PMCG-ში.

კვლევით ცენტრში აღნიშნავენ, რომ საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის ივნისში, 2021 წლის მაისთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.7%-ით გაიზარდა.

ამასთან, 2021 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 2.8%-ით შემცირდა.

PMCG-ში აღნიშნავენ, რომ 2021 წლის თებერვლიდან ყოველწლიურად ალტერნატიული HPI-ს გაანგარიშება დაიწყეს, რომელიც ცვლილებებს 2021 წელს, 2020 წლის ნაცვლად, 2019 წლის მიმართ ზომავს. „მიგვაჩნია, რომ აღდგენის კუთხით, 2019 წლის ფასებზე დაკვირვება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მრავლისმთქმელია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ფასებს სასტუმროს ტიპის მიხედვით, PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 243 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი ივნისში 81 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, მათმა საშუალო ფასმა ივნისში 496 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 739 ლარია, თბილისში - 644 ლარი, კახეთში - 470 ლარი, ხოლო აჭარაში - 457 ლარი.