მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი "კომერციაზე ორიენტირებულ" კლინიკებს მიმართავს

5e034420dd7a0
თათია ჩაფიჩაძე
25.12.19 15:14
1694
ჯანდაცვის მინისტრი "სამედიცინო ჩარევებზე ზედმეტად კომერციულად ორიენტირებულ კლინიკებს" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლას ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით მუშაობის გაგრძელებას ურჩევს. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა, პოზიტიურია. კითხვაზე, მაშინ რატომ აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას, მინისტრი პასუხობს, რომ "მათ მეტად კომერციული ინტერესი აქვთ". 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება სახელმწიფო კლინიკებით ბაზრის გაჯერებას არ გეგმავს და მათი მთავარი მოტივი პროგრამის სოციალურობის შენარჩუნებაა.

„სახელმწიფოს არც ამ ეტაზე გააჩნია სახელმწიფო კლინიკა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ბაზარი გაჯერდეს სახელმწიფო კლინიკებით, უბრალოდ აქ იქნება დადგენილი პროპორცია იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა როგორც სოციალური პროექტი, უსაფრთხოდ გაგრძელდეს მოსახლეობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა, შევინარჩუნებთ საყოველთაოობის პროგრამას ისევე უსაფრთხოდ, როგორც ეს წინა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. არიან გარკვეული კლინიკები, რომლებიც ზედმეტად კომერციულად ორიენტირებულები არიან სამედიცინო ჩარევებზე და შესაბამისად ისინი ან გავლენ პროგრამიდან ან დარჩებიან პროგრამაში და განახორციელებენ შესაბამისს მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით“ - აღნიშნა bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ ტიკარაძემ.