მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო კადრების შემცირებაზე განმარტებას აკეთებს

5d9b44c48bab6
ელენე გოგბერაშვილი
07.10.19 18:00
2690
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაკავებული თანამდებობიდან 80-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა, ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება.

Bm.ge-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკატერინე ტიკარაძემ დაიკავა და უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, სამინისტროს თანამშრომლებს პოსტის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას აიძულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განმარტებები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი განმარტებით, სამინისტროში რეორგანიზაცია ორი თვის წინ გამოცხადდა და მათ უკვე ჩაბარდათ რამდენიმე დღის წინ მთავრობის დადგენილება სამინისტროს ახალი სტრუქტურის თაობაზე, სადაც აისახა ის სტრატეგიული მიმართულებები და გადაწყვეტილებები, რა მიმართულებითაც სამინისტრო გააგრძელებს მომავალში მუშაობას.

გაბუნია განმარტავს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა ზოგიერთი სტრუქტრული ქვედანაყოფის გაერთიანება და ჩამოყალიბდა ერთიანი პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც ერთი მენეჯმენტის ქვეშ იმუშავებს ოთხივე მიმართულებით, იქნება ეს ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა, დევნილთა თუ შრომის საკითხები.

მისივე თქმით, გაერთინება ასევე შეეხო ზოგიერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ამის მიხედვით ჩამოყალიბდა საბოლოო სტრუქტურა და საშტატო განაკვეთი სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

„გაერთიანდა ძირითადი დეპარტამენტები. როგორც იცით, ჩვენი სამინისტრო მუშაობს ოთხი მიმართულებით, აქამდე არსებობდა შრომის, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის და დევნილთა დეპარტამენტები.

ამ დეპარტამენტების ნაცვლად ჩამოყალიბდა სამმართველოები და მათ უხელმძღანელებს ერთიანი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

რაც შეეხება გათავისუფლების ნაწილს, როცა რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და ჩამოყალიბდა სამინისტროს ახალი სტრატეგიული მიმართულება, აქვე განისაზღვრა ის ზოგადი კომპეტენციები და სტანდარტი, რომელიც იქნა მიჩნეული მისაღებად და რეკომენდირებულ სტანდარტთან სამომავლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებისთვის. შედგა კომისია, რომელიც გაესაუბრა რეორგანიზაციის მიზნებისთვის თითოეულ თანამშრომელს“, - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, გასაუბრება შეეხებოდა ზოგად კომპეტენციებს როგორც ესაა განსაზღვრული საჯარო სამსახურის კანონმდებლობის ფარგლებში. ამ კომპეტნეციების მიხედვით კომისიამ შეაფასა თანამშრომლების კომპეტენტურობა და რეკომენდაცია ახალ სისტემაში დასაქმებისთვის გაეწია მათ, ვინც აჩვენა საშუალოზე მაღალი სტანდარტი.

„საბოლოო ჯამში, გასაუბრების შედეგებიდან და სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგებიდან, აქ ვგულისხმობ, რომ ზოგიერთი თანამდებობა გაუქმდა, აღარ არის ახალ სისტემაში, ამ თანამდებობაზე დასაქმებულ ადამიანებს ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული თანამდებობა,ზოგიერთი დათანხმდა, ზოგიერთმა უარი განაცხადა. ჯამში, გამოვიდა 51 თანამშრომელი, რომელიც ექვემდებარება მობილობას და ჩვენი ადამიანური რესურსების განყოფილება მუშაობს, რომ თანამშრომლების შემდგომი დასაქმების საკითხი გადაწყდეს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აცხადებს გაბუნია და დასძენს, რომ 51 ადამიანია ისეთი, რომელსაც ნაწილობრივ არ გაეწია რეკომედაცია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებაზე, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომელთა პოზიციაც გაუქმდა და უარი თქვეს შეთავაზებულ ალეტრანტიულ პოზიციაზე.