მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროებს გონიერ კაცს, მაღალკვალიფიციურ მენეჯერს - პრემიერი

61ca101a15d30
თამთა ჯიჯავაძე
27.12.21 23:09
403
ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროებს გონიერ კაცს, მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღო.

„ეს სამინისტრო არის უზარმაზარი, რომელშიც შედის ჯანდაცვა, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, დევნილების საკითხები. ეს სამინისტრო საჭიროებს მაღალკვალიფიციურ მენეჯერს, მმართველს და გონიერ კაცს, რომელიც ყველა მიმართულებას სათანადოდ დაალაგებს, მოაწესრიგებს. ზურაბ აზარაშვილი კი არის წესიერი, მაღალკვალიფიციური მაღალი დონის მენეჯერი და ფინანსისტი, ბიზნესის მაგისტრი და მე თავად  მყავს იგი ნანახი ბევრ სიტუაციაში, როდესაც ვიყავი თავდაცვის მინისტრი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის ახალი მინისტრი პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობს. უფრო ადრე კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს გენერალური დირექტორი იყო - ამ თანამდებობაზე ის ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს დანიშნა.

ზურაბ აზარაშვილის სამუშაო გამოცდილებაში საფინანსო სფეროს ბევრი წელი უჭირავს - საბანკო კარიერა 2010 წელს თიბისი ბანკით დაიწყო და 2020 წელს „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის პოსტით დაამთავრა. 2003-2008 წლეში კი „ქართუ ბანკში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლა 9 დეკემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა და იქვე თქვა, რომ მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებდა. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ სამინისტროს საქმიანობის ვრცელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნია, რომ ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციაზე პრემიერი და მინისტრები არ მიიწვია.