საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აჭარაში პარტიულ აქტივთან შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ძალიან მარტივადაა საქმე, სკანდალს ვერ იპოვით, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეა, მე როდესაც ვიყავი პრემიერ-მინისტრი, თუ არ ვცდები, 6 მინისტრი შევცვალე - ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომლებსაც შესაძლოა არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრებს ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულება.
როგორც ვიცი, [აზარაშვილსა] და პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულებები და ძალიან ცივილურ ვითარებაში მოხდა დამშვიდობება. არ არის არავითარი დაპირისპირება, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა: "მოვისმინე განცხადებებიც, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა, უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსიც არის პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი, ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი?” - ამბობს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 1 მარტს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი. იმავე დღეს ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო. ღარიბაშვილის თქმით, ადმინისტრაციის უფროსი პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირია და ბუნებრივია, რომ კობახიძე მას შეცვლიდა.