მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სპეციალისტი: საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმებს შორის კონკურენცია მისასალმებელია

5e3a69fa341be
ინგა მურუსიძე
05.02.20 12:11
1873
“დღეს საქართველოში არის დისბალანსი კერძო მომგებიანსა და სახელმწიფო საავადმყოფოებს შორის. თითქმის 95% არის კერძო მომგებიანი და ძალიან მცირე სახელმწიფო საავადმყოფოები", - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა თენგიზ ვერულავამ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

მისი აზრით, აუცილებელია, საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმებს შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრა.

„ასეთი დისბალანსი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს და ცხადია, ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფო, მუნიციპალური საავადმყოფოების განვითარება. ამას მოითხოვს ჯანდაცვის სისტემა, რადგან ზოგიერთ სერვისს აქვს საზოგადოებრივი სიკეთის ფუნქცია და ვერანაირად ვერ იქნება მომგებიანი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც არსებობენ ფედერალური და მუნიციპალური საავადმყოფოები“,- განაცხადა ვერულავამ.

ჯანდაცვის სსაქართველოში ასევე უნდა განვითარდეს კერძო, საზოგადოებრივი, არაკომერციული საავადმყოფოები, რაც ასე ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე მსოფლიოში (80% ევროპის ქვეყნებში, 57% აშშ-ში), ჩვენთან კი, კერძო, საზოგადოებრივი, არაკომერციული საავადმყოფოები საერთოდ არ არსებობს. არსებობს კიდევ ერთი მესაკუთრეობის ფორმა: სახელმწიფო-კერძო პარტნიორული მოდელები, რაც ასევე გავრცელებულია მსოფლიოში.

„ფაქტობრივად, დღევანდელ საქართველოში არის საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმების სიმწირე.
საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმებს შორის კონკურენციის არარსებობა გვიჩვენებს ჯანდაცვის სისტემის დიაგნოზს, რომ ჩვენი სისტემა იმ გზით, იმ გამოცდილებით, რაც გააჩნია თანამედროვე მსოფლიოს. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება არსებული დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც დღეს არის შექმნილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ცხადია მისასალმებელია.

სახელმწიფო საავადმყოფოების განვითარება ქმნის კონკურენციას საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმებს შორის, შესაბამისად, იგი სარგებლიანია კონკურენციის თვალსაზრისით. საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმებს შორის ჯანსაღი კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხარისხს, პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილებას, დადებითად იმოქმედებს სამედიცინო სერვისების ფასებზე. მთლიანობაში იგი სარგებლიანია ჯანდაცვის სისტემისათვის. ასეთი კონკურენციის შედეგად გამოჩნდება სამედიცინო ბაზარზე თუ რამდენი წილით განვითარდება სახელმწიფო და მუნიციპალური საავადმყოფოები, კერძო მომგებიანი და არაკომერციული საავადმყოფოები. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სამედიცინო ბაზარზე საავადმყოფოების მესაკუთრეობის ფორმებს შორის კონკურენციას.

კერძო მომგებიან სააავადმყოფოებს აქვთ მართვის, მენეჯმენტის, ხარისხის მართვის კარგი გამოცდილება, რაც არ აქვთ სახელმწიფო საავადმყოფოებს. ამ მხრივ სახელმწიფო საავადმყოფოებს აქვთ ძალიან ბევრი სამუშაო გასაკეთებელი. მათთვის აუცილებელია იმ უნარების ათვისება, რითაც გამოირჩევიან კერძო მომგებიანი საავადმყოფოები“, - აცხადებს ვერულავა.

მისივე შეფასებით, საპარტნიორო ფონდმა ვერ მოახერხა საავადმყოფოების განვითარება და რაც იყო აქამდე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„ამაზე მეტყველებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობა. საავადმყოფოს მართვაში აუცილებელია, მისი თითოეული რგოლის, თითოეული სამედიცინო პერსონალის მხრიდან სამედიცინო მომსახურების განხორციელებაში ეკონომიკური მოტივაციების, სტიმულების განვითარება. თუ არ იქნება მოძებნილი საავადმყოფოს მართვის, მისი ფუნქციონირების ეფექტური მექანიზმები, იგივე მდგომარეობა გვექნება, რაც დღეს გვაქვს.

დღევანდელ მსოფლიოში კარგად არის დარეგულირებული ბალანსი კერძო მომგებიანსა და სახელმწიფო, ან მუნიციპალურ საავადმყოფოებს შორის. საჭიროა ამ გამოცდილების შესწავლა და გაზიარება, ცხადია, ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით", - განაცხადა ვერულავამ.