მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარება ახალგაზრდებში - ბლოგი

მარიხუანა ნარკოტიკები ნარკოტიკი
28.03.24 12:05
241

თენგიზ ვერულავა, შოთა აბზიანიძე

კავკასიის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი


შესავალი

ნარკოტიკული საშუალებები სულ უფრო მრავალფეროვანი, საშიში და რთულად კონტროლირებადი ხდება. საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ბაზამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ნარკოტიკული საშუალებების, განსაკუთრებით კი კანაბინოიდების მოხმარების კუთხით. 2014 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მოეხსნა ზედოზირების შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა დროული სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებას. 2015 და 2018 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვვეტილებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით განხორციელდა კანაბინოიდების პროდუქტების ფაქტრობრივი დეკრიმინალიზაცია.

სავარაუდოდ, აღნიშნული ცვლილებები, აუცილებლად იქონიებს გავლენას ნარკოტიკული საშულებების მოხმარებაზე, თუმცა, რთულია ზუსტი ან მიახლოებითი ეფექტის განსაზღვრა, რადგან კანონის მიღებამდე და მისი მიღების შემდგომ მწირი რაოდენობით მოიძიება რეპრეზენტატული კვლევები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პერიოდული მონიტორინგი, რათა მათზე დაყრდნობით მოხდეს სიტუაციიის შეფასება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და ასევე სამომავლოდ საშუალება მიეცეთ მკვლევარებსა და დაინტერესებულ პირებს შეადარონ მიმდინარე სიტუაცია წარსულში არსებულს.

კვლევის მიზანს შეადგენდა საქართველოში ახალგაზრდებში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების შესწავლა, რაც უფრო ნათელს მოჰფენს ნარკოტიკული საშულებების მოხმარების კუთხით არსებულ სიტუაციას ახალგაზრდებში.

ნარკოტიკული საშულებების კლასიფიკაცია

ნარკოტიკული ნივთიერებების ბაზარი სწრაფად იცვლება და ივსება ახალი ნარკოტიკულლი საშუალებებით, იხვეწება მათი გავრცელების გზები, ფართოვდება ასაკობრივ-გეოგრაფიული მოცვა. ნარკოტიკული საშულებები 7 ჯგუფად იყოფა: ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორები, ჰალუცინოგენები, დისოციაციური ანესტეტიკები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ინჰალანტები და კანაბინოიდები.

კანაბინოიდები მიიღება მცენარე კანაფისაგან. თუმცა, არსებობს სინთეზური კანაბინოიიდები, რომლებიც წარმოადგენენ სინთეზური გზით მიღებულ ნივთიერებებს კანაფის მსგავსი ეფექტის მისაღწევად. სტიმულატორები წარმოადგენენ ძირითადად სინთეზური გზით მიღებულ ნივთიერებებს, რომელთაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, MDMA (ექსტაზი). ამ ნივთიერებებს მასტიმულირებელი ეფექტი აქვთ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჰალუცინოგენები (ე.წ. „ფსიქოდელიკები“), წარმოადგენს როგორც ბუნებრივი ისე სინთეზური გზით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც იწვევენ აღქმის და და შეგრძნების შეცვლილ მდგომარეობას, რეალობის დამახინჯებას და თან ახლავს სხვადასხვა ვიზუალური თუ აუდიო ჰალუცინაციები.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, 2022 წლის ნარკოტიკული საშუალებების ანგარიშის მიხედვით, 2020 წლისთვის 15-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის 5.6%, ანუ ყოველი 1 ადამიანი 18-დან, მოიხმარდა ნარკოტიკული საშუალებებს ბოლო 12 თვის განმავლობაში; აღნიშნული ციფრი 26%-თ ნაკლები იყო 2010 წლისთვის.

ნარკოტიკულ საშაულებებს შორის, ყველაზე ფართოდ გავრცელებული კვლავ კანაბინოიდების პროდუქტებია, რომელსაც ქვეყნების 40% ასახელებს ძირითად ნარკოტიკულ საშუალებად. კანაფის მოხმარების ზრდასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებში იმატა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა და სუიციდის ფაქტებმა.

ამფეტამინის ტიპის სტიმულანტების მოხმარება, 1998 წლის მონაცემით შეადგენდა დაახლოებით 10 ტონას წლიურად, ხოლო 2020 წლის მონაცემით იგი აჭარბებს 500 ტონას. ამგვარად, მსოფლიოს მასტაბით, მოხმარება დაახლოებით 50-ჯერ გაიზარდა, რაც მეტად საყურადღებო ტენდენციის მანიშნებელია. ზრდა ფიქსირდება, როგორც განვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, ევროპის კონტინენტზე, ამფეტამინის ტიპის სტიმულატორების მოხმარება 2010 წლისთვის 6-7 ტონას შეადგენდა წლიურად, ხოლო 2020 წლის მონაცემებით აღნიშულმა მონაცემმა 40 ტონას გადაჭარბა. ჩრდილოეთ ამერიკაში მეტამფეტამინის ტიპის სტიმულატორების მოხმარება 2010 წლისთვის 25 ტონას შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის 165 ტონამდე გაიზარდა. საყურადღებოა ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მოხმარებით ზედოზირების შედეგად გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენცია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წლის მონაცემებით დაფიქსირდა 2000 შემთხვევა, ხოლო 2020 წლის მონაცემებით შემთხვევების რაოდენობამ 25 000-ს მიაღწია.

2022 წლის მონაცემებით, 15-64 წლის ასაკობრივი კატეგორის 34 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 0.7% ამფეტამინის მომხმარებელია ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხოლო ექსტაზის მომხმარებელია მსოფლიო მოსახლეობის 0.4% ანუ 20 მილიონი ადამიანი.

გაიზარდა კანაბინოიდების ტიპის პროდუქტების გლობალური მოხმარება. კერძოდ, კანაფი რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებად, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 4 % მოიხმარს. 2010 წელს კანაფს მოიხმარდა 170 მილიონი ადამიანი, ხოლო 2020 წელს აღნიშნული მონაცემი 209 მილიონამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 23%-იანი ზრდაა და მიანიშნებს საყურადღებო ტენდენციაზე კანაფის მოხმარების კუთხით. კანაბინოიდების მომხმარება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ზელანდიაში, ავსტრალიასა და აფრიკაში, ხოლო ასაკობრივ ჭრილში, ყველაზე მაღალი მოხმარება მოზარდებში ფიქსირდება (5.8%).

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე მოქმედი ფაქტორები

კანაფის ნაადრევი მომხმარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ადრეული მოხმარება ასევე, ზრდის შემდგომში რეგულარული მოხმარების რისკს. კანაბინოიდებს ყველაზე მეტად მამაკაცები მოიხმარენ, კერძოდ ისინი წარმოადგენენ მომხმარებელთა ორ მესამედს. თუმცა კვლევები ადასტურებენ, რომ კანაბინოიდების მოხმარებაზე არა იმდენად სქესი, რამდენად ხელმისაწვდომობა მოქმედებს.

ახალგაზრდების ქცევა ნარკოტიკთან მიმართებაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთის მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება გამოცდილების და ემოციური მდგომარეობის გაძლიერების მიზნით ხდება, ხოლო მეორეს მხრივ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს რთული სოციალური პირობების გამო, პრობლემებთან გამკლავების ან მათგან გაქცევის მიზნით იყენებენ.

განსხვავებულია ის ნარკოტიკული საშუალებებიც, რომლებსაც ამ ორ რადიკალურად განსხვავებული გარემოებების გამო მოიხმარს ახალგაზრდობა. ერთის მხრივ ეს არის „კლუბური ნარკოტიკი“: ექსტაზი, ამფეტამინი, კოკაინი, კეტამინი. ელ ეს დი, რომლებსაც უმეტესწილად განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდები მოიხმარენ, ძირითადად ე. წ. „rave” ტიპის საზოგადოებაში, თუმცა, მათი მომხმარება ასევე ხდება როგორც კოლეჯის წვეულებებზე, ისე ბარებსა და სხვა გასართობი ღონისძიებებისას. ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, ძირითადად ინჰალანტებს მოიხმარენ. მაგალითად: საღებავის გამათხელებელი, წებო, ბენზინი, საღებავი. მათი მოხმარება განპირობებულია დაბალი ფასითა და ადვილი ხელმისაწვდომობით. ამგვარად, ნარკოტიკის მოხმარების თავისებურებებზე უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას.

საინტერესოა, კანაბინოიდების მოხმარებაზე მოქმედ ფაქტორები. განვითარებულ ქვეყნებში კანაფის ყველაზე მეტი მოხმარება ძირითადად განპირობებულია 2 მიზეზით: პირველ რიგში იგი ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი სუბსტანციაა და ასევე მიიჩნევა ყველაზე უსაფრთხო და ნაკლები ზიანის მომტან ნარკოტიკულ საშუალებად. ასევე, კანაფი ხშირად გამოიყენება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება საქართველოში

ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვისაც. 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 18-24 წლის რესპონდენტთა შორის კანაფი გასინჯული ჰქონდა 10.4%-ს, ხოლო 3.4%-ს - ექსტაზი (Dershem et al., 2012). 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 18-დან 64 წლამდე რესპონდენტების 15-16%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული კანაფის პროდუქტები (კირთაძე და სხვ., 2015). 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, სადაც გამოიკითხა თბილისის ღამის კლუბების სტუმრები, რესპოდენტთა უმრავლესობამ (70%) აღნიშნა რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში და მათგან ყველაზე ხშირად ექსტაზის, ამფეტამინს, კეტამინს და კანაბინოიდებს (Beselia et al, 2019). 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 97% ბოლო 12 თვის განმავლობაში მოიხმარდა კანაფს, ექსტაზს - 54.5%, ლსდ-ს - 34.1%, კეტამინს - 28.8% (ალტერნატივა ჯორჯია, 2021). კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა (90%) იყო დასაქმებული ან თვიდდასაქმებული და ნახევარზე მეტის საშუალო შემოსავალი აღემატებოდა 1000 ლარს.

აღნიშნული კვლევის შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციის მანიშნებელია და გამოკითხულთა შორის უპრეცედენტო რაოდენობის მოხმარებას ასახავს, როგორც კანაბინოიდების ისე ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მიმართულებით. აღნიშნული შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ კვლევის გავრცელება მოხდა სოციალური პლატფორმით და შესაძლოა კითხვარით ძირითადად ის ადამიანები დაინტერესებულიყვნენ ვისაც ჰქონდა მოხმარების პრაქტიკა და შესაბამისად, ინტერესი აღნიშნული თემისადმი. მიუხედავად ამისა, კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა თავად მოხმარების თავისებურებების, მოტივებისა და მოხმარებისადმი დამოკიდებულების შესახებ.

2020 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 279 სკოლის 3000-ზე მეტმა მოსწავლემ, მოსწავლეთა 25%-თვის ძალიან ადვილია კანაბინოიდების პროდუქტების მოპოვება, რაც 21%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს. ასევე, მოსწავლეთა 14%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოუხმარია კანაბინოიდების პროდუქტები, 2%-ს ექსტაზი (ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, 2019).

კვლევები აჩვენებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების პრაქტიკა ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდანვე იწყება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა შემდგომში მოხმარების განვითარებისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით კვლევა მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რათა მოხდეს საკითხის კიდევ უფრო ღრმად შესწავლა, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და სათანადო ღონისძიებების გატარება.

კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები

2023 წელს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 447 რესპონდენტის გამოკითხვა სამ ქალაქში (სამტრედია, ქუთაისი და თბილისი) 27 დახურული კითხვარით. რესპოდენტთა შერჩევის მეთოდად გამოყენებულ იქნა მოხერხებული/იოლად ხელმისაწვდომი შერჩევა (convenience sampling).

კვლევამ აჩვენა ახალგაზრდებში კანაბინოიდების საკმაოდ მაღალი მოხმარება (30.9%) ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციის მანიშნებელია. აქვე, აღსანიშნავია, რომ მოხმარების პრაქტიკა რამდენიმეჯერ ჰქონდა 8.7%-ს. რაც შეეხება ჰალუცინოგენების და სტიმულატორების მოხმარებას, რესპოდენტთა 13.9% ჰქონდა პრაქტიკა ბოლო 2 წლის განმავლობაში; მათ შორის რამდენიმეჯერ - 4.9%-ს, მხოლოდ ერთხელ 4.3%-ს. საყურადღებოა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების პროდუქტების მომხმარებლიდან 71% მამაკაცია და 29% ქალი. კანაბინოიდების მომხმარებელთა 68%, ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 63% ეკუთვნოდა 19-25 ასაკობრივ ჯგუფს.

კანაბინოიდის მომხმარებლიდან 79% ცხოვრობს ქალაქში. კანაბინოიდების მომხმარებელი რესპონდენტებიდან 86%-ის შემთხვევაში ოჯახის წევრი, მეგობარი ან ორივე მოიხმარენ კანაბინოიდების პროდუქტებს. ამასთან, იმ რესპონდენტთა 39%, რომელთა მეგობარიც მოიხმარს კანაბინოიდებს, თავადაც მოიხმარს აღნიშნული ნივთიერებებს, ხოლო ოჯახის წევრის და მეგობრის შემთხვევაში 53%. კანაბინოიდების მომხმარებელთა 76%, ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 81% ამავდროულად იყო თამბაქოს რეგულარული მომხმარებელი. კანაბინიდების მომხმარებელთა 91%, ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 97% ამავდროულად მოიხმარდა ალკოჰოლს სხვადასხვა ინტენსივობით.

კანაბინოიდების მომხმარებელთა 83%, ხოლო ჰალუცინგენების და სტიმულატორების მომხმარებელთა 85% უმაღლესი განათლების მქონე პირებია. კვლევამ აჩვენა, რომ კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მომხმარებელთა შორის ჭარბობს იმ პირთა რაოდენობა რომელთაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი. უფრო ნაკლებია მაგისტრანტებში და კიდევ უფრო ნაკლებია დოქტორანტებში. სტუდენტის სტატუსის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ზრდასთან ერთად მცირდება კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარება. აღნიშნული ადასტურებს, რომ რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო მცირდება კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიური მოსწრების მხრივ, კანაბინოიდების მომხმარებელთა უმეტესობა (30%), ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა უმეტესობა (31%) წარმოადგენენ რესპონდენტები, რომელთა GPA 2-სა და 3-ს შორისაა.

კვლევამ ასევე გამოავლინა რამდენიმე საინტერესო ფაქტი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სოციალურ-ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის კუთხით. კერძოდ, კანაბინოიდების მომხმარებლების 80%, ხოლო ჰალუცინოგენების და სტიმულატორების 77% დასაქმებული ან თვითდასაქმებულია. მიღებული შედეგები თანხვედრაშია საქართველოში ჩატარებულ კვლევასთან, სადაც მომხმარებელთა უმრავლესობა, კერძოდ 90% იყო დასაქმებული ან თვიდდასაქმებული და ნახევარზე მეტი დასაქმებულის საშუალო შემოსავალი აღემატებოდა 1000 ლარს (ალტერნატივა ჯორჯია, 2021). სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, რომ კანაბინოიდების მომხმარებელი მოზარდების დიდი რაოდენობა იყო უმუშევარი, რაც აიხსნება იმ გარემოებით, რომ უმუშევრობა და შესაბამისად სოციალურად დაუცველობა ზრდის მოხმარების რისკს (Orth, 2016).

საყურადღებოა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობას ინფორმაცია კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების ჯანმრთელობაზე მოქმედების შესახებ არავალიდური წყაროებიდან აქვს (ინტერნეტი, სოციალური ქსელები). კერძოდ, კანაბინოიდების მომხმარებელთა უმეტესობა (35%), ხოლო ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მომხმარებელთა 18% ინფორმაციის უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს ინტერნეტს. აღნიშნული მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში ნაკლები ყურადღება ექცევა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებს.

კანაბინოიდების პროდუქტების მოხმარების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად დასახელდა პირადი ინტერესი (46.4%), მეგობრები (31.2%), გართობის სურვილი (26.8%), და სოციალური გარემო (20.3%). ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების გადაწყვეტილებაზე მოქმედი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად დასახელდა პირადი ინტერესი (43.5%), მეგობრები (32.3%), გართობის სურვილი (22.6%) და მოხმარების რომანტიზება (17.7%). 40.3%-ის აზრით, მათი მეგობრები მოიხმარენ კანაბინოიდების პროდუქტებს, ხოლო 32.9% თვლის, რომ მათი მეგობრები მოიხმარენ ჰალუცინოგენებსა და სტიმულატორებს.

რესპონდენტთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა კანაბინოიდების და ჰალუცინოოგენების მოხმარება და მიუთითა მათი ნეგატიური გავლენა პროდუქტიულობაზე, სოციალიზაციაზე, რამაც შესაძლოა განაპირობოს არარაციონალური ან საზიანო გადაწყვეტილება, ფინანსური ზარალის მიღება. კერძოდ, რესპონდენტთა უმრავლესობის (89.9%) აზრით, კანაბინოიდებს ნეგატიური ზეგავლენა აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა (96.9%) მიიჩნევს, რომ ჰალუცინოგენებისა და სტიმმულატორების მოხმარება ნეგატიურად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება მომხმარებლის გამოცდილებას, რესპონდენტთა უმრავლესობა (47.1%) მიიჩნევს რომ კანაბინოიდები მოქმედებენ მათ პროდუქტიულობაზე ნეგატიურად, ხოლო სოციალიზაციისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს 13.8% (n=19). ასევე, რესპონდენტთა უმრავლესობა (37.1%) თვლის, რომ ჰალუცინოგენების და სტიმულატორების მიღება პროდუქტიულობაზე ნეგატიურად მოქმედებს, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ მიუღია არარაციონალური ან საზიანო გადაწყვეტილება. იგივე რაოდენობით რესპონდენტები მიიჩნევენ რომ მიუღიათ ფინანსური ზარალი ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების გამო (21%).

კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების ხშირი მოხმარების სოციალური შედეგები მოიცავს სწავლაში წარუმატებლობას, სწავლის მიტოვებას, უმუშევრობას და დანაშაულს, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობის მაღალი დონე. კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარება აზიანებს თავის ტვინის ფუნქციებს, მათ შორის მეხსიერებას, ემოციებს, შემეცნებას, კონცენტრაციის უნარს, მოძრაობას.

კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობის ქცევითი სიმპტომები კორელაციაშია კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარების ფაქტორთან. რესპონდენტთა უმრავლესობის (34.1%) აზრით, კანაბინოიდების პროდუქტების მოხმარება იწვევს კონცენტრაციის უნარის ნაკლებობას, შფოთვას (33.3%), დეპრესიას (25.4%), უძილობას (25.4%). რესპოდენტთა უმრავლესობა 50% თვლის, რომ ჰალუცინიგენები იწვევს შფოთვას, უძილობას (43.5%), დეპრესიას (37.1%), სტრესს (37.1%). ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ რამდენადაც შფოთვის სიმპტომები გავრცელებულია, კანაბინოიდების და ჰალუცინოგენებისა მოხმარების სიხშირე უფრო მაღალია. ამ დასკვნას აქვს კლინიკური და საგანმანათლებლო მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდები, რომლებიც განიცდიან მაღალი დონის შფოთვას, იმყოფებიან კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მოხმარების რისკის ქვეშ. ამგვარად, კანაბინოიდების და ჰალუცინოგენებისა მოხმარების რისკის ქვეშ მყოფი პირები საჭიროებენ ქცევითი ჯანმრთელობის ჩარევებს შფოთვის, დეპრესიის და უძილობის სიმპტომების და, შესაბამისად, კანაბინოიდების და ჰალუცინოგენების მავნე გამოყენების შესამცირებლად.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ რესპონდენტთაგან, რომლებიც მოიხმარდნენ კანაბინოიდების პროდუქტებს მხოლოდ 29 %-ს ჰქონია ზედოზირების ფაქტი, ხოლო 71%-ს არასდროს ჰქონია ასეთი გამოცდილება. იმ რესპოდენტთაგან, რომლებიც მოიხმარდნენ ჰალუცინიგენებსა და სტიმულატორებს მხოლოდ 22.6% ჰქონია ზედოზირების ფაქტი, ხოლო 77.4% რესპონდენტს არასოდეს ჰქონია მსგავსი პრაქტიკა.

მნიშვნელოვანი საკითხია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ ნდობის საკითხი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ. კერძოდ, ზედოზირების ფაქტის დაფიქსირებისას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოეხსნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლის გამოძახების ვალდებულება. გამოკითხულთა უმრავლესობა (70.4%) აღნიშნავს რომ ზედოზირების ფაქტის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, 9,9% თავის თავს თავად დაეხმარებოდა და მხოლოდ 11.2% სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მხოლოდ ჰალუცინიგენებისა და სტიმულატორების ზედოზირების შემთხვევაში დაუკავშირდებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ზედოზირების შემთხვევაში რესპონდენტების 20% არ მიმართავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რაც საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი ციფრია და სახელმწიფოს მხრიდან მეტ მუშაობას საჭიროებს.

რაც შეეხება ლეგალიზაციის საკითხს, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (76.2%) არ უჭერს მხარს არცერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზებას, 18% მხარს უჭერს მხოლოდ კანაბინოიდების ტიპის ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებას და 3.8% მხარს უჭერს როგორც კანაბინოიდების ისე ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების ლეგალიზებას.

დასკვნა რეკომენდაციები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაციონალური პოლიტიკის შესამუშავებლად მნიშვნელოვანია სათანადო მონაცემების არსებობა. კანაბინოიდების, ჰალუცინოოგენებისა და სტიმულატორების ხშირი მოხმარების შემცირების სტრატეგიებმა შესაძლოა შეამციროს ახალგაზრდებში ფსიქიკური აშლილობის დონე.

კვლევამ აჩვენა ახალგაზრდებში კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების საკმაოდ მაღალი მოხმარება. აღნიშნული მიგვანიშნებს სახელმწიფოს მხრიდან საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებების გაზრდის აუცილებლობაზე ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რადგან რესპონდენტთა უმრავლესობას ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე არავალიდური წყაროებიდან აქვს. ასევე, საჭიროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ნდობის ტელეფონის პრინციპზე აგებული ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც საშუალებას მისცემენ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური პირისგან მიიღონ რჩევა და რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია სატელევიზიო და სოციალური ქსელების სივრცეში კომპეტენტური ორგანიზაციების ჩართულობის ამაღლება, რადგან ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აღნიშნული წყაროებიდან იღებს ინფორმაციას და შესაბამისად არავალიდური ინფორმაციის მიღების შანსიც გაზრდილია.

საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებების გატარებას, სახელმწიფოს მხრიდან მასობრივი ინფორმაციის წყაროების მაქსიმალურად ათვისებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განსაკუთრებით კი მენტალური ჯანმრთელობის კუთხით შესაბამისი პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუძლიათ გააუმჯობესონ მდგომარეობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირების კუთხით.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ალტერნატივა ჯორჯია. (2021). ევროპული ვებგამოკითხვა ნარკოტიკებზე - 2021. თბილისი: ალტერნატივა ჯორჯია.
  • კირთაძე, ი., ოთიაშვილი, დ., ტაბატაძე მ. (2015). ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში. თბილისი: კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია.
  • ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. (2019). ნარკოვითარების წლიური ანგარიში 2019. თბილისი: ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
  • Dershem L, Tabatadze M, Kamkamidze G, Aldridge S, Djibuti Youth Behavioral Surveillance Survey: HIV/AIDS Knowledge, Attitudes, and Practices among School Pupils and University Students in Tbilisi, Georgia. United States Agency for InternationalDevelopment. 2012. Available from: https://www.researchgate.net/publication/292138374_Youth_Behavioral_Surveillance_Survey_HIVAIDS_Knowledge_Attitudes_and_Practices_among_School_Pupils_and_University_Students_in_Tbilisi_Georgia [accessed Aug 17 2023].

ნაშრომი გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომისტი“

ნაშრომი სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალის ვებგვერდზე

https://ekonomisti.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=895

ციტირებისათვის:

აბზიანიძე შ., ვერულავა თ. (2024). კანაბინოიდების, ჰალუცინოგენებისა და სტიმულატორების მოხმარება ახალგაზრდებს შორის საქართველოში. ეკონომისტი. 1

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები