მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანელმა ქირურგმა 8,264 კილომეტრით დაშორებულ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა

ალბერტო ბრედა

ესპანელმა ქირურგმა, ალბერტო ბრედამ, რომელიც ფონდ პიუვერტის კლინიკის ონკოლოგიური უროლოგიის ხელმძღვანელია, რობოტის გამოყენებით სხვა კონტინენტზე მყოფ პაციენტს ნეფრექტომია, ანუ თირკმლის ამოკვეთის პროცედურა ჩაუტარა. ოპერაციის დროს, ქირურგი ბორდოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, ხოლო პაციენტი პეკინში, 8.264 კილომეტრის დაშორებით მდებარე საავადმყოფოში იწვა. 37 წლის პაციენტს თირკმელზე 3.5-სანტიმეტრიანი სიმსივნე ჰქონდა, რომელიც ალბერტო ბრედამ წარმატებით ამოჭრა, თანაც ისე, რომ პაციენტი მეორე დღეს გაწერეს და დღეს, ის ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ნეფრექტომია, ანუ თირკმლის ამოკვეთის პროცედურა საკმაოდ კომპლექსურ ოპერაციად ითვლება, რომელსაც დიდი პრაქტიკის მქონე უროლოგები ატარებენ, რადგან ამ ტიპის ოპერაციას, ხშირად, მდგომარეობის გართულება ახასიათებს. ექიმი ალბერტო ბრედა ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექიმია, რომელსაც რობოტის გამოყენებით ტრანსკონტინენტური ოპერაცია ამ დრომდეც ჩაუტარებია. 2024 წლის თებერვალში, აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მყოფმა ესპანელმა ექიმმა ნეფრექტომია შანხაიში, ანუ 12,800 კილომეტრის დაშორებით მყოფ ღორზე ჩაატარა.

ამგვარად, ექიმი ალბერტო ბრედა ერთ-ერთი წამყვანი ონკოლოგიური უროლოგია პლანეტაზე, რომლის სპეციალიზაციას შორის თირკმლის სიმსივნის ლაპაროსკოპიით და რობოტის გამოყენებით ამოჭრაა და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სფეროში მან არაერთი სიახლე დანერგა. ესპანელი ექიმის სახელზე 400-ზე მეტი პუბლიკაცია და სამედიცინო წიგნებში გამოქვეყნებული 22 თავი მოდის. ალბერტო ბრედა იყო პირველი ექიმი, რომელმაც “და ვინჩის” რობოტის გამოყენებით ესპანეთში დონორისგან თირკმლის ამოკვეთის პროცედურა ჩაატარა. ხუთი წლის შემდეგ, ფრანგ კოლეგასთან ერთად, ალბერტო ბრედამ რობოტის გამოყენებით ევროპაში თირკმლის პირველი ტრანსპლანტაცია ჩაატარა.

ქირურგ ალბერტო ბრედას უკანასკნელი ოპერაცია “უროლოგიის ევროპული ასოციაციის” მიერ რობოტიკის თემაზე ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა, ხოლო თავად პროცედურას პირდაპირ ეთერში ათასზე მეტი პროფესიონალი აკვირდებოდა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ჩვეულებრივი ოპერაციისგან განსხვავებით, რა დროსაც ქირურგს სპეციალური რამდენიმეშრიანი უნიფორმა აცვია, ეს ოპერაცია ალბერტო ბრედამ კოსტიუმში გამოწყობილმა, ჯოისტიკებით აღჭურვილი სპეციალური კონსოლით ჩაატარა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ოპერაცია ინტერნეტის გამოყენებით შედგა, პაციენტსა და ექიმს შორის არსებული მანძილის გამო რობოტის მოძრაობის დაყოვნებამ 132 მილიწამი შეადგინა. როგორც ექსპერტები ამბობენ, 5G-ტექნოლოგიის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების და რობოტების განვითარებასთან ერთად, დაყოვნება მინიმუმამდე შემცირდება და ამ ტიპის დისტანციური ოპერაციების ჩატარება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ექიმები ერთ პაციენტზე ერთობლივი ოპერაციის ჩატარებას შეძლებენ, ხოლო პრაქტიკული სწავლების მეთოდები კიდევ უფრო დაიხვეწება.

ამ დრომდე, ტრანსკონტინენტური ტელეოპერაციის ორი შემთხვევა დასტურდება. პირველი, რომელსაც სამედიცინო წრეებში “ლინდბერგის ოპერაციის” სახელით იცნობენ, ნიუ-იორკში მდებარე ექიმმა ჟაკ მარესკომ სტრასტბურგში მყოფ პაციენტზე, 2000 წელს ჩაატარა. მეორე შემთხვევა უფრო ახალია და ის მიმდინარე წლის ივლისში შედგა, როცა ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მყოფმა ექიმმა, რომში მყოფ პაციენტს პროსტატექტომია, ანუ წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთის პროცედურა ჩაუტარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები