პრობლემა, რომელიც მოგზაურობისას ყველას გამოუცდია, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტის არარსებობაა. მართალია, როუმინგული ინტერნეტი ყველა ოპერატორს აქვს, მაგრამ ეს მომსახურება საკმაოდ ძვირია. მოგზაურებისთვის საინტერესო პროდუქტი ქართულმა Roamingo-მ შექმნა, რომლის eSIM-ის ჩამოწერა სმარტფონის აპლიკაციით, რამდენიმე წუთში შეიძლება.
როუმინგული ინტერნეტის აპლიკაციის შესახებ Roamingo-ს თანადამფუძნებელმა, დავით ბირმანმა TECH INFORM-ში ისაუბრა. მისი თქმით, აპლიკაციის გამოყენებით როუმინგული მობილური ინტერნეტის ყიდვა და გააქტიურება რამდენიმე წამში შეიძლება, თანაც ისე, რომ მომხმარებლის ძირითად SIM-ბარათს, ამ დროს, არაფერი ემართება.
“Roamingo უმარტივესი აპლიკაციაა, რომელიც სამი გვერდისგან შედგება, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ქვეყანა ან რეგიონი, სადაც მიდიხართ, შეიძინოთ შესაბამისი ინტერნეტის პაკეტი და eSIM-ი გადმოიწეროთ. რამდენიმე წამში, ტელეფონში ინტერნეტი გექნებათ. გამგზავრების მომენტში, ამ eSIM-ს აირჩევთ და ის მთელი მოგზაურობის განმავლობაში გექნებათ.
eSIM-ტექნოლოგია მრავალი წელია არსებობს, მაგრამ მანამ, სანამ, ის iPhone-ში სტანდარტულ ფუნქციად დაინერგებოდა, ბევრს ის ტექნოლოგიებზე შეყვარებული ადამიანების გასართობი ეგონა. მაშინ, როცა თქვენს ტელეფონში eSIM-ს იწერთ, არაფერი იშლება - ერთხელ, ტელეფონში ერთდროულად ათი eSIM-ი მქონდა ჩაწერილი.
შეგიძლია, eSIM-ები ჩაწერო და აირჩიო, როდის გინდა გამოიყენო. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, eSIM-ტექნოლოგია, როგორც წესი, ორსიმიან ტელეფონებში გვხვდება, მომხმარებელს შეუძლია, eSIM-ით ინტერნეტი გაააქტიუროს, ხოლო მეორე, ჩვეულებრივ SIM-ით ტელეფონით ისარგებლოს. შესაბამისად, უცხოეთში ყოფნისას შეგიძლია ქართული ნომრით ისარგებლო, ანუ SMS-შეტყობინება მიიღო ან საბანკო აპლიკაციაში შეხვიდე და Roamingo-ს აპლიკაციით, ინტერნეტით ისარგებლო”, - აღნიშნა დავით ბირმანმა TECH INFORM-ში.
მაშ, რა გამოარჩევს Roamingo-ს სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან? კომპანიის თანადამფუძნებლის განმარტებით, Roamingo-ს კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ კომპანია მომხმარებლებს კომბინირებულ პაკეტებს სთავაზობს, რომელშიც თურქეთიც შედის. ეს ქვეყანა, მოგეხსენებათ, გლობალური ლოგისტიკურ-ტურისტული ჰაბია და ბევრი ფრენა საქართველოდან სწორედ თურქეთის გავლით ხორციელდება, ანუ მოგზაურებს მობილური ინტერნეტი, ხშირად, თურქეთშიც სჭირდებათ.
“სხვა აპლიკაციებისგან Roamingo-ს ის გამოარჩევს, რომ საქართველოდან გამავალი ძირითადი მარშრუტები თურქეთზე გადის, შესაბამისად, შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი პაკეტი, რომელშიც თურქეთი და სხვა მიმართულებები გაერთიანდება, შესაბამისად სხვა არაფერი დაგჭირდებათ.
ამ ეტაპზე, Roamingo-ს მობილური ინტერნეტით სარგებლობა 146-ზე მეტ ქვეყანაში შეიძლება. ფაქტობრივად არ არის ქვეყანა, რომელსაც არ ვფარავთ, უბრალოდ, არის გამონაკლისები, მაგალითად, კოსოვო, რომელსაც საქართველო ახლა არ აღიარებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ასეთ ქვეყნებსაც დავამატებთ.
ნებისმიერი ქვეყნის ოპერატორების შემთხვევაში, შეგიძლიათ ნახოთ, აქვს თუ არა მას 5G-ინტერნეტი. არის ქვეყნები, სადაც 5G-ინტერნეტი რამდენიმე ოპერატორს აქვს”, - განაცხადა დავით ბირმანმა TECH INFORM-ში.