ქართული ტექნოლოგიური კომპანია BilikiAI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც რამდენიმე დღის ტურისტული მარშრუტის გეგმას რამდენიმე წამში აგენერირებს. პლატფორმა მოსანახულებელ ადგილებს და საკვებ დაწესებულებებს გირჩევთ და მდგრადი, ეკომეგობრული სასტუმროების დაჯავშნის საშუალებას გაძლევთ - ყველაფერი ეს კი, Google-ის ხელოვნური ინტელექტის, Gemini-ის დახმარებით ხდება შესაძლებელი.
როგორც BilikiAI-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი ცირამუამ TECH INFORM-ში განაცხადა, კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისი საკმაოდ მოთხოვნადია, თანაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაზედაც სტატისტიკაც მეტყველებს. გიორგი ცირამუას თქმით, BilikiAI-ის დახმარებით, ტურებს ადამიანები 105 ქვეყნიდან ჯავშნიან, ხოლო თავად ეს რიცხვი, მუდმივად იზრდება.
“ჩვენმა მომხმარებელმა, ამასწინათ, იხუმრა, ცოტა ხანში ტურების დაგეგმვას მარსზეც დაიწყებთო. BilikiAI მთელ მსოფლიოს მოიცავს. ამ წუთისთვის, BilikiAI-ის სერვისი ადამიანებმა 105 ქვეყნიდან გამოიყენეს და ეს რიცხვი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა წყაროებით ვცდილობთ, შესაბამისად ადამიანები მთელი მსოფლიოდან შემოდიან.
უკუკავშირი საკმაოდ პოზიტიურია. ცოტა ხნის წინ, Google-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გვქონდა, რომელზედაც რჩევები მოგვცეს, როგორც Google-ის სტარტაპ-პროგრამის მონაწილეებს. შეხვედრის დროს, Google-ის წარმომადგენელმა BilikiAI გამოიყენა და ტური რამდენიმე წამში დაგეგმა - ამ მომენტს ის იმდენად ემოციურად შეხვდა, რომ სიტყვებიც კი არ იყო საჭირო, რადგან აღფრთოვანება სახეზე ეტყობოდა. ასეთი უკუკავშირი კი, ყველაფერს ამბობს.
რჩევებს და რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, ცხადია. აი, ინტერესების არჩევის ფუნქციონალი, მაგალითად, უკუკავშირის საფუძველზე შევცვალეთ და ბიუჯეტის მითითებაც სავალდებულო აღარ არის. ამასთანავე, ბევრ რეკომენდაციას ვიღებთ ნახშირბადის დანახარჯთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზრდასთან დაკავშირებით”, - განაცხადა გიორგი ცირამუამ TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტარტაპის თანადამფუძნებელმა BilikiAI-ის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში, პლატფორმას ღონისძიებების დაგეგმვის ფუნქციონალი დაემატება, ხოლო მომავალში, მომხმარებლები თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნასაც შეძლებენ.
“პირველი, რისი დამატებაც ძალიან მალე გვინდა - ღონისძიებების დამატებაა. აი, წარმოიდგინეთ, რომ ბერლინში ჩადიხართ და გარკვეული გეგმა წინასწარ გაქვთ შედგენილი, მაგრამ არ იცით, სხვა რა ღონისძიებები შეიძლება იყოს ამ ქალაქში, რომლებიც დაგაინტერესებთ. შესაბამისად იქ, სადაც სასტუმროების შესახებ იღებთ რეკომენდაციებს, BilikiAI გეტყვით, თუ რა ხდება ქალაქში საინტერესო.
ამასთანავე, ფრენების დამატებაც გვინდა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ნახშირბადის დანახარჯის კუთხით. გვინდა, ამ მხრივ მომხმარებლებს რეკომენდაციები მივცეთ, რათა მათი მოგზაურობა უფრო ეკომეგობრული გავხდეთ”, - განაცხადა BilikiAI-ის თანადამფუძნებელმა, TECH INFORM-ში.