მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმომ თქვა, რომ "სინოფარმი" უსაფრთხოა, ავტორიზაციაზე კი უკვე მსჯელობს - ელჩი

606ab65007301
ინგა მურუსიძე
05.04.21 11:10
1941
საქართველოში ჩინეთის ელჩ ლი იენის განცხადებით, ამ ეტაპზე „სინოფარმის“ ვაქცინა ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება და მსოფლიოში 100 მლნ-ზე მეტი დოზა არის გამოყენებული.

ამის შესახებ მან დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „სინოფარმის“ ვაქცინის პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს ეხმარებიან. „როგორც იტყვიან, მეგობარი ჭირში იცნობაო“, - დასძინა ელჩმა.

მისივე განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია, ჩინურმა მხარემ ოფიციალური თბილისის თხოვნა გაითვალისწინა და ქვეყანას ვაქცინა მიაწოდა.

„ჩინური ვაქცინები გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს მივაწოდეთ „სინოფარმის“ მიერ დამზადებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული, სანდოა და ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება და მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული“, - განაცხადა ელჩმა.

ლი იენის ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე, დაახლოებით, 100 მლნ-ზე მეტი დოზაა გაკეთებული, მაგრამ რაიმე სერიოზული თანამდევი ეფექტები არ მოჰყოლია.

"ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული. ჯანმომ უკვე თქვა, რომ "სინოვაკის" და "სინოფარმის" ვაქცინები ეფექტიანი და უსაფრთხოა, ხოლო ავტორიზაციაზე უკვე მსჯელობს", - ამბობს ელჩი.