მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯარიმა სამმაგდება - სამინისტრო კლინიკების რეგულირების წესის შეცვლას გეგმავს

5ef1c12f04f46
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.20 12:46
4970
ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებში განახლებული სანქციები ასეთი იქნება:

● სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 15000 ლარისა და არა უმეტეს 30 000 ლარისა.‘‘ (დღეს მოქმედი კანონით მაქსიმალური სანქცია 10,000 ლარია);
● სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 7000 ლარისა და არა უმეტეს 15 000 ლარისა.
● სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 1000-დან 2 000 ლარამდე. (დღეს მოქმედი კანონით მაქსიმალური სანქცია 1,000 ლარია).
● იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკა არის იმგვარი, როდესაც სასამართლოს მიერ გამოყენებული სანქციები არის მინიმალური, რაც დარღვევის სიმძიმესთან მიმართებით აცდენილია.

“სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ ხდება სანქციების გამოყენება. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირველადად გამოვლენილი დარღვევის არსებობის შემთხვევაში გამოყენებული სანქცია მინიმალურია. შესაბამისად, განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაშინ როდესაც შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი სანებართვო პირობა ან სხვა სახის გადაცდომა იყოს სახეზე, მოსამართლე შეზღუდულია, პირველად გამოყენებული სანქციის გათვალისწინებით, გამოიყენოს უფრო მაღალი ან მაქსიმალური სანქცია. შესაბამისად, მოსამართლე ადგენს მინიმალურ სანქციას. ასევე, ზოგიერთი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია იმდენად დაბალი სანქციები, რომ სანქციების გამოყენება კარგავს პრევენციის ფუნქციას.

არსებული სასამართლო პრაქტიკიდან და რეალობის გათვალისწინებით, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სანქციები არ შეესაბამება სამედიცინო დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმეს, შესაბამისად, გამოყენებული სანქციები არ არის სათანადო და ეფექტური, რის გამოც სრულყოფილად ვერ ხერხდება სამართალდარღვევების პრევენცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ცვლილებები განხორციელდეს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ზოგიერთ მუხლში, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაცია იყოს ქმედითი და სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელსაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფუნქცია, შეძლოს თავისი მოვალეობების ეფექტიანად განხორციელება, შესაბამისი სანქციების შემოღების საფუძველზე,” - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

პარლამენტში ამ საკანონმდებლო წინადადების ინიცირება ჯერ არ მომხდარა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ სანქციების დაწესების პროცესში სასამართლოს როლი შესუსტდება, ეს ქვეყანაში ჯანდაცვის ბაზარზე ნეგატიურად აისახება.