მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯარიმების მატება და მზარდი კორუფციული რისკები - კლინიკები კანონპროექტს აპროტესტებენ

5f11563b56687
შოთა ტყეშელაშვილი
17.07.20 11:49
1114
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კლინიკებისთვის დაწესებული რეგულაციური ტვირთი გამკაცრდება, რაც ჯარიმების, შემოწმებების სიხშირის გაზრდასა და ახალი რეგლამენტის დამტკიცებას უკავშირდება. რეგულაციების ზრდას კლინიკების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ცვლილებები არათანმიმდევრულია და მარეგულირებლის მხრიდან თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს ზრდის; კლინიკების შეფასებით, ამ ცვლილებით კორუფციული რისკებიც იმატებს.

საკომიტეტო მოსმენაზე კლინიკა “თბილისის გულის ცენტრის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ კანონპროექტზე მუშაობამ სამედიცინო სექტორის სათანადო ჩართულობის გარეშე ჩაიარა, რაც ცვლილებათა პროექტსაც ეტყობა, რადგან ის ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია და მარეგულირებლის მხრიდან თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს ზრდის.

“ძალიან გულდასაწყვეტია, რომ რიგ საკითხებში სამედიცინო საზოგდოებასთან რომ ყოფილიყო მეტი კომუნიკაცია, ბევრი საკითხი არც კომიტეტზე იქნებოდა განსახილველი და სულ სხვა რეჟიმში ვიქნებოდით.  ასევე, გულისტკივილი მინდა გამოვხატო იმაზე, რომ წინა სხდომის შემდეგ, კომიტეტის არცერთ დეპუტატს, მათ შორის სამედიცინო საზოგადოებიდან, შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამს. შეიძლებოდა ჩვენი პოზიცია დღეს კი არ გაგვეცნო პარლამენტისთვის, არამედ განხილული ყოფილიყო მანამდე და დღეს მოვსულიყავით უფრო მზად და გვცოდნოდა, რა პრობლემა აქვს სამედიცინო საზოგადოებას.

დარგობრივი კომიტეტის მიერ იყო გაჟღერებული ასეთი პოზიცია, რომ აუცილებლად დაკონკრეტდეს მაკონტროლებელი ვინ არის. ახლა გაჩნდა ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“, რა იგულისხმება ამაში? ქალბატონმა თამარ გაბუნიამ გაგვცეს პასუხი ვინ არის კომპეტენტური ორგანო“ - შსს? პარლამენტი? რეგულირების სააგენტო?

მე მაგალითებით ვისაუბრებ, რეგულირების საგანეტოსგან რამდენიმე დღის წინ იყო ორი ადამიანი, რომლებმაც მოგვიტანეს ფარატინა ქაღალდი, მოთხოვნით რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა ინტერვენციული კარდიოლოგიის, რითმოლოგიის და ნუკლეარული აპარატურის ასაკობრივი დოკუმენტაცია. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ იყო ამ საკითხში კომპეტენტური და კითხულობდნენ ეს ხომ საშიში აპარატურაა? ვინ არის კომპეტენტური ორგანო? იქნებ განგვიმარტოთ?

თქვენ სულ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკური რეგლამენტის შეჩერება შეიძლება მოხდეს იმ დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეპიდემიოლოგიური საფრთხე ემუქრება - აბსოლუტურად გაურკვეველი ტერმინია. მაგალითად, წინა მოსმენაზე, ქალბატონმა თამარმა (გაბუნია) თქვა, რომ სადეზინფექციო აპარატურის გაჩერება შეიძლება გახდეს კლინიკის გაჩერების საფუძველი. ალბათ კლინიცისტები არ ხართ თქვენ და არ გიმუშავიათ კლინიკაში, მაგრამ ძალიან ბევრი კლინიკა ისე მუშაობს, რომ მას დეზინფექციის აპარატურა საერთოდ არ აქვს და აუთსორსზე აქვს ეს გატანილი. თუ გაფუჭდა აპარატურა ეს არ არის იმის საფუძველი, რომ მთლიანად კლინიკა გაჩერდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური საფრთხე ექმნება რომელიმე კლინიკას.

ისევე როგორც დარგობრივ კომიტეტში იყო რეკომენდაცია, რომ ჯარიმების ქვედა ზღვარი ჩამოსულიყო და 0 გამხდარიყო. ერთი საკითხი იქნებ განგვიმარტოთ, რატომ არ მოხდა მისი ჩამოწევა და რატომ არ გავითვალისწინეთ ჩვენი პატივცემული პარლამენტარების მოსაზრება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქვედა ზღვარის ჩამოწევას. ჯარიმები, რომლებიც 10-ჯერადი ხდება ქმნის კორუფციის საკმაოდ დიდ რისკს, რაც არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. სასამართლოს კუთხის ამოღება და ამის მინდობა იმ ადამიანებზე, რომლებსაც კომპეტენტური შეიძლება დავარქვათ, მაგრამ იმ დარგში კომპეტენტურები არ იყვნენ და შეიძლება დაგვიწესონ ისეთი ჯარიმა, რომელიც პრაქტიკულად ამოაგდებს ყველანაირ ნორმალურ ფუნქციონირების შესაძლებლობას. იქნებ ამ შეკითხვაზეც გაგვცეთ პასუხი?

გაჟღერებული იქნა ასეთი პოზიცია, რომ სახელმწიფო კლინიკების შემოწმება წლის განმავლობაში ხდება 10-ჯერ და ისინი არიან დისკრიმინაციულ პირობებში. ამიტომაც, იზრდება სამჯერადად სხვა კლინიკების შემოწმება. კი ბატონო, მოგყვებით მაგ საკითხში, მაგრამ ძალიან მეეჭვება ვინც ბოლოს რესპუბლიკურში, ან ონკოლოგიურიში იყავით ან ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, ამ 10-ჯერადი შემოწმების შედეგები ენახა. არამგონია, მაგას ხარისხთან და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან რამე მკვეთრი კავშირი ჰქონდეს.

ყველგან წერია ასეთი ტერმინი - მაკონტროლებელი განსაზღვრავს გონივრულ ვადებს, განგვიმარტეთ ეს გონივრული ვადები რას ნიშნავს? ვინ უნდა განსაზღვროს, ან როგორ უნდა განსაზღვროს გონივრული ვადაც? ჯარიმის ოდენობაც და პირობებიც? მაშინ ძალიან ზედმეტ უფლებებს ვაძლევთ იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან მაკონტროლებლად.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - რომ შეაჩერებთ კლინიკის მოქმედებას, შემდეგ როდესაც კლინიკა გაასწორებს ხარვეზს და შემოვა წინადადებით, რატომ გჭირდებათ 20 დღე? - ეს თითქმის ერთი თვეა და ერთი კვირის ვადითაც კლინიკის გაჩერება კატასტროფულია დღევანდელ რეალობაში. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი მიდგომა.

ძალიან ბუნდოვანია ტექნიკური რეგლამენტი. რამდენიმე მაგალითი დაგისახელებთ სადეზინფექციო საშუალებებთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა გავიაროთ და განვსაზღვროთ რა არის ის დარღვევა, რისთვისაც შეიძლება დაიკეტოს კლინიკა და რომლის გამო შეიძლება არ დაიკეტოს კლინიკა. ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ ეს?

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, აქ წერია, რომ სამედიცინო საექიმო საქმიანობის მომსახურების მომწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის დროს შეცდომებისთვის არის 1000 და 2000 ლარის ჯარიმები. რეგულირების სააგენტოდან ახლა იყვნენ ჩვენთან წარმომადგენლები. ექიმები ბრძანდებით და გაიგებთ რასაც ვიტყვი. ჩანაწერში იყო, რომ ექიმმა პაციენტს მისცა ასპირინი და გაფორმებული ჰქონდა კარდიომაგნილი. განმარტებისთვის, ასპირინი არის ბრენდული სახელი ბაიერის მიერ წარმოებული და დაპატენებული მედიკამენტის, რომლის აქტიური ნივთიერებაც არის აცეტილსალიცინის მჟავა, ისევე როგორც კარდიომაგნილის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება არის აცეტილსალიცინის მჟავა.

ეს შეიძლება გახდეს 1000-ლარიანი ჯარიმის მიზეზი? როდესაც თავად ქეისის და პაციენტის მომსახურების ჯამური თვითღირებულება არის 440 ლარი?,” - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მოსმენაზე განაცხადა, რომ კლინიკების მიერ პრობლემის სახით დაყენებულ ზოგიერთ საკითხთან მიმართებით კანონპროექტში ცვლილებები შევა.