მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მას Alibaba $2.8 მილიარდით დააჯარიმეს

60728bc7b869b
BM.GE
11.04.21 09:58
3006
ჩინელი მილიარდერის ჯეკ მას კომპანია Alibaba Group-ი ქვეყნის მარეგულირებელმა სამსახურმა 18.2 მილიარდი იუანით ($2.8 მილიარდი) დააჯარიმა. ჯარიმის მოცულობა Alibaba-ს 2019 წლის შემოსავლების 4%-ს უდრის.

ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ (SAMR) ჯეკ მას კომპანია ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის დააჯარიმა. რეგულატორის განცხადებით, Alibaba 2015 წლიდან მოყოლებული გამყიდველებს აიძულებდა, მხოლოდ მისი პლატფორმით ესარგებლათ. კერძოდ, ისინი ალტერნატივის წინაშე იდგნენ — ან მხოლოდ Alibaba-ზე ვაჭრობა, ან ყველგან სხვაგან, გარდა Alibaba-ს პლატფორმისა.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში, ჩინეთის რეგულატორებმა დაბლოკეს Alibaba Group-ის შვილობილი კომპანიის, Ant Group-ის აქციების პირველადი განთავსება შანხაისა და ჰონკონგში. მაშინ რეგულატორებმა კომპანიას მოსთხოვეს, შეეცვალა Ant Group-ის სტრუქტურა, რათა ის შესაბამისობაში ყოფილიყო იმ წესებსა და კაპიტალის მოთხოვნებთან, რომელთაც ქვეყანა საბანკო ორგანიზაციებს უყენებს. დეკემბერში კი ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იძიებდა „Alibaba-ს მონოპოლიურ ბიზნესპრაქტიკებს“.

ჯეკ მა, რომელიც ინგლისურის მასწავლებელი იყო, ჩინეთის ინტერნეტპიონერია. მისი აქტივების წმინდა ღირებულება 2021 წლის 10 აპრილის მონაცემებით, $47.3 მილიარდია. მა ჩინეთის რეგულატორების ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც მან ერთ-ერთ ტექნოლოგიურ სამიტზე ჩინეთის რეგულაციების პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამგვარი რეგულაციები ინოვაციურ განვითარებას აფერხებდა.

ამის შემდეგ ჯეკ მა თითქმის სამი თვის განმავლობაში არ გამოჩენილა, საბოლოოდ ის 2021 წლის იანვარში გამოჩნდა 50-წამიანი ვიდეორგოლით. Alibaba-ში აცხადებენ, რომ ის 12 აპრილს ჩაატარებს ვიდეოკონფერენციას და უპასუხებს კითხვებს რეგულატორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.