მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson&Johnson-ის ვაქცინის 15 მლნ დოზა „ადამიანური შეცდომის“ გამო განადგურდა

60658e7182ae3
თათია კაკიაშვილი
01.04.21 23:17
2407

ბალტიმორის ქარხანაში Johnson & Johnson-ის Covid-ვაქცინის წარმოების დროს მომხდარმა ადამიანურმა შეცდომამ 15 მილიონი დოზა გაანადგურა, რაც ვაქცინის მიწოდებას კიდევ უფრო შეაყოვნებს. ამის შესახებ ამერიკული Forbes წერს.


გამოცემის ცნობით, ახლახან გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ პრეპარატის წარმოებაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა ვაქცინის ინგრედიენტები შემთხვევით აურიეს, რასაც ვაქცინის 15 მილიონი დოზის პარტიის გაფუჭება მოჰყვა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ქარხანას მერილენდის ბიოფარმაცევტული კომპანია Emergent BioSolutions-ი მართავს, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაუდებელი FDA ნებართვა Johnson & Johnson–ის ვაქცინის ინგრედიენტების საწარმოებლად.

Forbes-ი წერს, რომ ეს შეცდომა გავლენას არ მოახდენს Johnson & Johnson-ის პრეპარატის იმ დოზებზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ამ დროისთვის უკვე გაგზავნილია. ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ განცხადებაში აღნიშნა, რომ პრეპარატის წარმოების დროს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს  ”ერთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ხარისხის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს”.

სამომავლოდ, მსგავსი შეცდომების პრევენციისთვის, კომპანიის განცხადებით, წარმოების პროცესში დამატებითი მეთვალყურეობა დაინიშნება, რათა მსგავსმა შემთხვევებმა პრეპარატის გადაუდებელი ავტორიზაციის  პროცესი არ შეაფერხოს, თუმცა უკვე დაშვებული შეცდომის გამოსწორებას და 15 მილიონი დოზის ხელახალ წარმოებას მინიმუმ ერთი კვირა მაინც დასჭირდება.