დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციაში ჩართულ კომპანიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შპს "მამისონმა" შემდეგ ტენდერებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლოს.
“მეტრო სადგურ "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგვიანებით, ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სამუშაოების დაგვიანების გარდა, კომპანიამ საჭირო დოკუმენტაცია არ აწარმოა. ასევე არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. როგორც აღვნიშნე. დადგენილია რამდენიმე დეფექტი, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ძალიან პრობლემური და უპასუხისმგებლოა. აქედან გამომდინარე, არ ვთვლით საჭიროდ ამ კომპანიამ სამუშაოები გააგრძელოს და არც იმაში ვართ დარწმუნებულები, რომ ის ამ დეფექტების გამოსწორებას შეძლებს”,-განაცხადა კალაძემ.
მისი თქმითვე, რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები თავად მერიამ უნდა გამოასწოროს, ხოლო დახარჯული თანხები სასამართლოს გზით შპს "მამისონისგან" ამოიღოს.
“მინდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელსა და ვიცე-მერს დავავალო, რომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტონ. ის უპასუხისმგებლოა და ასეთ კომპანიებთან თანაშრომლობის არანაირი სურვილი არ გაგვაჩნია. მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა იმისთვის, რომ ეს კომპანია მომავალში ვერცერთ სატენდერო პროცედურაში ვერ მოხვდეს. გადადგით შესაბამისი ნაბიჯები, რაც მას “გააშავებს”. მსგავს კომპანიებს მხოლოდ ზიანი მოაქვთ”,-აცხადებს კალაძე.
2 წელზე მეტია მეტროსადგური “გოცირიძე” მგზავრებს ვერ ემსახურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები იქ 2020 წლის ივლისში დაიწყო და რამდენიმე კომპანია გამოიცვალა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია "მამისონის" "შავ სიაში" შეყვანას ითხოვს