მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა კომპანიებს ფასიანი ქაღალდების ემისიაში დაეხმარება

6139cd01dcbea
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.21 14:40
985
საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვისთვის ევროკავშირის დაფინანსებით და EBRD-ის ჩართულობით ახალი პროექტი იწყება.

პროგრამას საინვესტიციო ბანკი “გალტ & თაგარტი” და აუდიტორული ფირმა BDO-სთან ერთად ახორციელებს და მისი ხანგრძლივობა 18 თვეა.

ახალი პროგრამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “გალტ & თაგარტის” დირექტორმა ოთარ შარიქაძემ და BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა ისაუბრეს. მათი თქმით, პროგრამის პირველ ეტაპზე მოხდება ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევა და იმ არსებული ბარიერების დადგენა, რომლებიც აფერხებს სხვადასხვა კომპანიას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისგან, ხოლო პროექტის მეორე ეტაპი შერჩეულ კომპანიებს დაეხმარება კაპიტალის ბაზრების ათვისებაში სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის, მათ შორის სასესხო ვალდებულებისა და კაპიტალის ჩათვლით.

“ამ პროექტის მიზანია გავიგოთ ზუსტად რა სჭირდებათ კომპანიებს და მივიტანოთ ის აუცილებელი ინფორმაცია მათთან. ძალიან ბევრი კომპანია საქართველოში ფინანსდება საბანკო სესხის მეშვეობით. თუ ჩვენ დავითვლით სესხის აქციების გამოშვებით და ამ გზით კაპიტალის მიღების ეფექტს, ეს კომპანიისთვის გაცილებით განსხვავებულ ფინანსურ მდგომარეობას აყენებს. იმ აქციონერებისთვისაც კი, რომლებიც კომპანიის 100%-იან წილს აღარ ფლობენ, დარჩენილი წილის ღირებულება და კაპიტალიზაცია იზრდება და ეს საბოლოო ჯა,მში ყველასთვის კარგი უნდა იყოს,” - განმარტავს ზურაბ ლალაზაშვილი.

“ჩვენ არაერთი წელია ვაკვირდებით, რომ არიან კომპანიები, რომლებიც კაპიტალის ბაზარზე აქტიურობენ და საბანკო სესხს ანაცვლებენ ობლიგაციებით. ამასთან, გლობალურ ბაზარზე ჩანს, რომ დეპოზიტების სარგებლის თითქმის ნულამდე შემცირებით მოთხოვნა არის გაზრდილი ფასიან ქაღალდებზე, ეს დადასტურდა წელსაც, პანდემიური რისკების მიუხედავად იგივე სუვერენული ობლიგაციების და რკინიგზის ობლიგაციების გამოშვების დროს რამხელა მოთხოვნა იყო. სულ გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორებთან, რომლებიც სულ ინტერესდებიან როდის წამოვა რაიმე ახალი საინტერესო განთავსება საქართველოდან.

ჩვენ უნდა დავადგინოთ 3-4 კომპონენტი, რომელშიც ფინანსურად შეგვიძლია დავეხმაროთ კომპანიებს, რომ წინ წავიდნენ. მაგალითად გეტყვით, ჩვენთან მოსული იყო კომპანია, რომელსაც მოგების კარი მაჩვენბლები ჰქონდა და სურდა ობლიგაციების გამოშვება, მაგრამ მივხდით, რომ მასში მენეჯმენტის დონეზე ბევრი რამ იყო ნაკლებად გაანალიზებული და სჭირდებოდა მეტი დაფიქრება - როდესაც ეკონომიკა კარგად მიდის შეიძლება ვერ ხედავდე რა გიჯდება პროდუქცია, მაგრამ როდესაც ვითარება იცვლება ეს მაშინვე გირტყამს. შესაბამისად კომპანიები ამ ეტაპზე შეიძლება არ იყვნენ მზად ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის, მაგრამ მათ უნდა დაუფინანსდეთ კონსულტაციის სერვისი,” - ამბობს ოთარ შარიქაძე.

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი (https://cms.org.ge/), სადაც ოქტომბრიდან პროექტში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს განაცხადების დარეგისტრირების საშუალება ექნებათ. რეგისტრაციის შემდგომ შერჩეული უფლებამოსილი კორპორაციები მიიღებენ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის, მათ შორის დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფარად.

პროგრამაში “კომპანიების შერჩევა მოხდება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული რეგულაციებისა და ინვესტორების პრეფერენციების შესაბამისად. ამასთანავე, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ აპლიკანტებს შესთავაზებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ხოლო შერჩეული კომპანიები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ პროექტის გუნდის მიერ ორგანიზებული აქტივობებით, ღონისძიებებითა და დაგეგმილი საგანმანათლებლო ბანაკებით.