მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე გენგეგმის ავტორის კრიტიკას პასუხობს

63d299c89ae8a
ინგა მურუსიძე
26.01.23 19:42
2045
"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიას „ქართუ ფონდი" თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცემს, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე კი მასშტაბური პროექტის განვითარებას გეგმავს. საქალაქო ურბანულ სამსახურს, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა კომპანიამ “კოსტავას 69”-მ უკვე წარუდგინა პროექტი, რომლითაც გმირთა მოედნის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება; საერთო ფართობი 155 588 კვადრატული მეტია. არქიტექტურული ნახაზების მიხედვით, პროექტი ორი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთის სიმაღლეც მაქსიმუმ 65 სართულით არის განსაზღვრული. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს ქალაქში ტელეანძის შემდეგ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. გენგეგმის ავტორი, „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ „ვერსად ამოიკითხა მყარი არგუმენტაცია სარეკრეაციო ზონის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით ჩანაცვლების აუცილებლობასთან დაკავშირებით“.

"რას უპასუხებდით დედაქალაქის გენგემის ავტორს"? - ჰკითხა BM.ge-მ კახა კალაძეს, რომელიც ზონის ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმისა, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსი, რომელიც ედო სხვადასხვა არეალს, შეიცვალა. ვფიქრობ, ალბათ იმდენი უნდა ესმოდეთ და იცოდნენ, რომ ეს შესაძლებელი და დაშვებულია. ეს არ არის გამონაკლისი. თქვენ ხედავთ, თუ როგორ არის განვითარებული აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია. როგორ შეიძლება ქარხნის ტერიტორიას ედოს რეკრეაციული სივრცის სტატუსი?!", - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - "ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი დედაქალაქის გენგეგმის მიხედვით მიენიჭა", ქალაქის მერმა შემდეგი პასუხი გასცა: "გენგეგმის მიხედვით დაედო ეს სტატუსი, თუმცა იქვე გაჩნდა დოკუმენტები, რომ შესაძლებელია, მოხდეს ადგილმონაცვლეობა ან არის ისეთი შემთხვევები, როცა კერძო მესაკუთრეებს გაუუარესდათ თავიანთი მიწის ზონალურობა იმ გადაწყვეტილებით, როცა გენერალური გეგმა დამტკიცდა. იქ არის ჩანაწერი, რომ შესაძლებელია, მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს და გადაწყვიტოს ან თანხობრივად გამოისყიდოს ადამიანებისგან ასეთი მიწები, ან შეუძლია შეუცვალოს სტატუსი“.

მედიის კიდევ ერთ კითხვას - გადაწყვეტილია თუ არა ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა და თავად ქალაქის მერს მოსწონს თუ არა ეს პროექტი, კახა კალაძემ უპასუხა, რომ "ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა მის მოწონებაზე არ არის".

„მუნიციპალიტეტს ჰყავს შესაბამისი სამსახურები - როგორც არქიტექტურული, ისე - ურბანული და იქ მუშაობენ პროფესიონალები. ყველას ჩართულობით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება განაშენიანებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ურბანული თვალსაზრისით, იმ კონკრეტული არეალის განვითარებასა და მოწესრიგებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

"გამოვხატავ მზაობას, რომ ყველა მსურველი ჩაერთოს და ერთად შევიმუშაოთ აღდგენითი სამუშაოების პროექტი. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ძალიან დაზიანდა "ლაგუნა ვერე"... მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები, რათა შევქმნათ სასიამოვნო სივრცე, რომელსაც თბილისელები გამოიყენებენ", - ამბობს კახა კალაძე. 

"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიის სამომავლო განაშენიანებასთან დაკავშირებით, თბილისის მერს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ხომ არ გამოიწვევს ადგილზე 65-სართულიანი კომპლექსის აშენება სატრანსპორტო კოლაფსს, რაზეც მერმა თქვა, რომ სატრანსპორტო კვლევების გარეშე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა.

ამ თემაზე საუბრისას bm.ge-მ ქალაქის მერს ასევე ჰკითხა, რეკრეაციული ზონის შეცვლაში არის თუ არა „ქართუ ფონდის“ ფაქტორი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თბილისის მერი ირწმუნება, რომ არ არის.

„თქვენ იცით, რამდენი მშენებლობა მიმდინარეობს დედაქალაქში?! რამდენ კვადრატულ მეტრზე გაიცემა ნებართვები?! არასდროს უკან არ დაგვიხევია, მოგაწოდებთ ინფორმაციას... აქ ბიძინა ივანიშვილი და „ქართუ“ არაფერ შუაშია. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით. ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის პროექტი რომ ავიღოთ ლისის ტბის მიმდებარედ, ჰკითხეთ ბატონ მამუკას, თუ შექმნია ოდესმე პრობლემა პროექტთან მიმართებით, ან სხვა პროექტებთან, რომლებსაც ახორციელებს. რაც ხელისუფლებაში ვარ, არასოდეს მიკადრია და არც ვიკადრებ, რომ ვიღაცას ხელი შევუშალოთ პოლიტიკური შეხედულებების გამო - ან დავაზიანოთ ან ხელი შევუწყოთ“, - თქვა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები