მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო ბაღებში გადასახადი 15-20%-ით იზრდება – ასოციაცია

5f57b1a6dfa08
თათია ჩაფიჩაძე
08.09.20 21:21
1069
ახალი სასწავლო წლიდან კერძო საბავშვო ბაღებში სწავლის გადასახადი 15-20%-ით გაიზრდება. როგორც კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა პავლე ქალიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ფასის ზრდა რეგულაციებმა გამოიწვია, რამაც მომსახურების ხარჯი გაზარდა.

მისივე ინფორმაციით, კერძო ბაღების რაოდენობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად შემცირდა, რაც მათი მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობამ განაპირობა.

„ახალი რეგულაციების მიხედვით აკრძალულია მშობლის შემოსვლა კერძო საბავშო ბაღის ტერიტორიაზე, მიღება უნდა მოხდეს გარე სივრციდან, ბავშვების მიღების დროს უნდა მოხდეს თერმოსკრინინგი და ამის აღრიცხვა. ასევე დღეში ორჯერ უნდა დასუფთავდეს ბაღის ტერიტორია სრულად, მათ შორის აუცილებელია ეზოს საქანელების და ჭურჭლის სრული დეზინფექცია. ამისთვის ცხადია დაგვჭირდება დამატებითი კადრების დამატება. ვფიქრობთ, ფასები გაიზრდება 15-20%-ით, იმიტომ რომ ბაღებს ხარჯი გაეზარდათ.

რაც შეეხება მოთხოვნას, ეს ბიზნესი 90-იანებიდან იღებს სათავეს და განსაკუთრებით 2008 წლის ომის მერე განვითარდა, როცა საჯარო ბაღების შენობები დევნილებმა დაიკავეს. მას შემდეგ ყოველწლიურად რამდენიმე ერთეულით იზრდება ბაღების რაოდენობა, მათ შორის რეგიონებშიც, მაგალითად ზესტაფონშიც კი 11 კერძო ბაღია. პირველად ამ წლების შემდეგ კლების ტენდენცია იკვეთება იმის გამო, რომ ნაწილმა ვერ შეძლო ფინანსური ვალდებულებების შესრულება. ჯამურად საუბარია 240 ბაღზე, თუმცა აქედან დაახლოებით 70-80 ბაღმა შეაჩერა საქმიანობა", - განაცხადა პავლე ქალიაშვილმა.

კერძო ბაღების ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორი შემოწმებას ელის და ისინი სასწავლო პროცესის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.