მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კეთილი და პატიოსანი“ ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებს დებს, თუმცა პროდუქტი ჯერ ვერ გააქვს

6287b4136fa4d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.05.22 20:52
1334
დასალევი ხილ-ბოსტნეულის „კეთილი და პატიოსანის“ მწარმოებელი კომპანია „ქართული აგრო პროდუქტი“ ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებს დებს, თუმცა ექსპორტს ჯერჯერობით ვერ ახორციელებს.

კომპანიამ ბირმინგემში FoodDrinkExpo2022-ზე კიდევ ერთ ბრიტანულ სადისტრიბუციო კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ვესტ მიდლენდის რეგიონში, სუპერმარკეტებს საქართველოში წარმოებულ 25 000 ახალი ხილისა და ბოსტნეულის წვენი უნდა მიაწოდოს.

BM.GE-ისთან საუბრისას „ქართული აგრო პროდუქტის“ დირექტორი ამბობს, რომ საექსპორტო ბაზრებიდან დასალევ ხილზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა დღეისთვის წარმოება და ექსპორტიც შეჩერებულია.

„მაგალითისთვის, აშშ პირდაპირ გვეუბნება, რომ თვეში 45 000 ბოთლი უნდათ, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთშიც ამ მოცულობებზეა საუბარი, გერმანია-საფრანგეთშიც ჯამში 45 000 ბოთლზეა მოთხოვნა. მაგრამ დღეს „კეთილი და პატიოსანის“ მიწოდებას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვახერხებთ, რადგან წარმოება გაჩერებული გვაქვს და მარაგში მხოლოდ 70 000 ბოთლია. შესაბამისაც ექსპორტიც შევაჩერეთ“, - ამბობს გიორგი ახალაძე.

კომპანია პროდუქციას ომამდე აუთსორსზე აწარმოებდა და მის გაჩერების პირველ მიზეზად კომპანიის ხელმძღვანელი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას უკრაინიდან შესაფუთი მასალების იმპორტის შეჩერებას ასახელებს.

„ომის დაწყების შემდეგ შესაფუთი მასალების მოწოდების ალტერნატიული ბაზრების ძიება დავიწყეთ და ამ ეტაპზე ეს საკითხი გადაჭრილია. მას შემდეგ რაც საკუთარ წარმოება ავამოქმედებთ დასალევი ხილ-ბოსტნეულის ჩამოსხმისთვის საჭირო ბოთლებს ერევნიდან შემოვიტანთ“, - განმარტავს „ქართული აგრო პროდუქტის“ ხელმძღვანელი.

თუმცა აუთსორსზე წვენების წარმოება დღემდე არ განახლებულა, რადგან კომპანია საკუთარი საწარმოო ხაზის ამოქმედებს ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლომდე გეგმავდა.

„წარმოების გაფართოების გადაწყვეტილება საექსპორტო ბაზრებიდან მზარდი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ, თუმცა სექტემბრის შემდეგ საწარმოო დანადგარის გამოგზავნას ველით, შესაბამისად, დღეს „კეთილი და პატიოსანის“ წარმოება და ექსპორტი გაჩერებული გვაქვს. საქმე ის არის, რომ პანდემიის შემდეგ, ჩინეთი დანადგარების მწარმოებელ კომპანიებს საჭირო ნაწილებს, მათზე მოთხოვნის ზრდის გამო, დროულად ვერ აწვდის. დანადგარების ყველა მწარმოებელს ეს პრობლემა აქვს. ამიტომ თუ აქამდე დანადგარის მოწოდების ვადა ხელშეკრულებით 4 თვე იყო, შემდეგ ეს დრო 7 თვემდე გაიზარდა, ახლა კი გვეუბნებიან, რომ დანადგარი კარგ შემთხვევაში, შესაძლოა, ივლისში გამოიგზავნოს. თუ ასე მოხდება საწარმოო ხაზის გამართვას აგვისტოსთვის შევძლებთ“, - განმარტავს გიორგი ახალაძე.

საწარმოო ხაზის ამოქმედების შემდეგ „კეთილი და პატიოსანი“ წლიურად 18 მლნ ბოთლის წარმოებას შეძლებს, რაც საექსპორტო ბაზრებიდან არსებულ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.