დასალევი ხილ-ბოსტნეულის ქართული ბრენდი „კეთილი და პატიოსანი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. კომპანიამ სულ ერთი თვეა, რაც პროდუქცია საფრანგეთის ბაზარზე გაიტანა.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინო ბაშარული BM.GE-სთან ამბობს, „კეთილი და პატიოსანი“ ბორდოში იყიდება.
„ერთი თვეა, რაც საფრანგეთის ბაზარზე შევედით. ჩვენი პროდუქცია ბორდოში იყიდება. ექვსი თვეა ექსპორტს ნიუ-იორკის მიმართულებითაც ვახორციელებთ“ - ამბობს ის.
კომპანიის წარმომადგენელი სიახლეებზეც საუბრობს და ყვება, რომ მთავარი სიახლე ახალი ბრენდი „პოპორელია“, რომელიც ქართულ ტრადიციულ სოუსებსა და საწებლებს აწარმოებს.
„პოპორელი - ქართული ტრადიციული სოუსებისა და საწებლების ბრენდია, ზოგადად ჩვენს საწარმოს მილიონი ბოთლის წარმოება შეუძლია, თუ მოთხოვნა იქნება. ახლა ვიწყებთ ქსელებთან ურთიერთობას, თუმცა ქართული ბაზარი იმპორტირებული პროდუქტით არის გაჯერებული, ამიტომ ადგილობრივ ქსელებში თავის დამკვიდრება გვიჭირს“, - განმარტავს „კეთილი და პატიოსანის“ მარკეტინგის მენეჯერი.
ინფორმაციისთვის: "კეთილი და პატიოსანი" და "პოპორელი" ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმოს “ქართული აგროპროდუქტის" ბრენდებია. "კეთილი და პატიოსანი" რვა სხვადასხვა სახეობის ხილის მიქსს აწარმოებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ნედლეულისგან მზადდება, ყველა საწარმოო სიმძლავრის გამოყენებით კი კომპანია წელიწადში 15 მილიონ ბოთლს უშვებს. აღნიშნული რაოდენობიდან, ადგილობრივ ბაზარზე წარმოების 30% იყიდება, დანარჩენი 70% კი ექსპორტზე გადის.