მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლდიაშვილი: ”მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი ბიზნესის საოპერაციო ხარჯებს გააძვირებს”

5f391f10c946d
თათია ჩაფიჩაძე
16.08.20 18:58
1976
იურისტ დავით კლდიაშვილის შეფასებით, “მეწარმეთა შესახებ” მომზადებული ახალი კანონპროექტი ახლო პერიოდში გაზრდის, გრძელვადიან პერსპექტივაში კი სამეწარმეო სასამართლო დავების რაოდენობას შეამცირებს.

bm.ge-თან საუბრისას კლდიაშვილი აცხადებს, რომ სამეწარმეო ურთიერთობები უფრო განჭვრეტადი გახდება, მინორიტარი აქციონერები კი უფრო დაცულები იქნებიან. 

ნეგატიურ მხარეებზე საუბრისას კლდიაშვილი აცხადებს, რომ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსური ხარჯი გაიზრდება.

“გარკვეული ურთიერთობები, რომელიც არსებობდა სამეწარმეო სამართალსა და პრაქტიკაში, მათი დარეგულირება არ ხდებოდა კანონით და არ იყო განჭვრეტადი რიგი საკითხები, მაგალითად დაინტერესებულ პირებს შორის გარიგების დადება ან პასუხისმგებლობა პარტნიორებს შორის ისეთი გლობალური საკითხებისადმი, როგორიცაა მაგალითად პარტნიორის გარიცხვა ან გასვლა. საკანონდებლო რეგულაცია ამა თუ იმ ქმედების არ არსებობდა და რთული იყო შედეგის განჭვრეტა, ახლა ეს პრინციპულ დონეზე ახალმა კანონმა დაალაგა, რაც პოზიტიურია.

სასამართლო დავები მოკლე პერიოდში გაიზრდება იმის გამო, რომ მინორიტარებს დღეს საფუძველი ეძლევათ საკუთარი უფლებები დაიცვან, აქამდე იცოდნენ, რომ მათი უფლება შელახული იყო, თუმცა საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო ამას არ აკეთებდნენ. მაგრამ 2-3-წლიან ვადაში, ყველას ეცოდინება, რომ არ უნდა შელახოს მინორიტარის უფლება და გამართული იქნება წესდებები, ეს ჩარჩოში ჩასვამს ურთიერთიბებსაც და დავები იკლებს.

რაც შეეხებ ხარჯებს, ხარჯები გაიზრდება იმიტომ, რომ აქამდე პარტნიორები შაბლონურ წესდებას იღებდნენ, ფორმდებოდა 2-3 პირზე და მერე ამ პირებს შორის მიდიოდა სამართლის უგულვებელყოფით ურთიერთობა, რასაც საბოლოოდ მიჰყავდათ დავასთან. იუსტიციამ კი თქვა, რომ ახლაც შაბლონური წესდება იქნება, მაგრამ თუკი ოდნავ სერიოზულად არის პარტნიორებს შორის ურთიერთობა და ერთი კაცის შპს არ იქმნება, მათ დასჭირდებათ იურისტის მხარდაჭერა, როგორც დაფუძნების, ისე შემდგომ პერიოდში იმისთვის, რომ ქმედებები კანონთან შესაბამისობაში იყოს. ეს ხარჯი დიდ ბიზნესს არ დააწვება, მათ აქამდეც ჰქონდათ გამართული ეს მომსახურება, აქ საუბარია საშუალო ბიზნესზე", – განმარტა კლდიაშვილმა.

მისივე შეფასებით, კანონპროექტი გარკვეულ ხარვეზებსაც მოიცავს, რომელიც უფრო ტექნიკურ დეტალებთან არის დაკავშირებული ვიდრე შინაარსობრივთან.

“ხარვეზები ტექნიკური ხასიათისაა, იურისტებისთვის არის გარკვეული გაურკვევლობები, თუმცა იმედია ეს ხარვეზები პრაქტიკაში გამოსწორდება ან იქამდე, ვიდრე კანონპროექტი საბოლოო სახეს მიიღებს”, - უთხრა bm.ge-ს კლდიაშვილმა.

რა იცვლება მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიხედვით? – ბიზნეს ასოციაციის შეფასება