საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მათ შორის ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის გადავადების საკითხი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება და აღნიშნულ საკითხზე მთავრობა და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. დღეს, „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში, ინიციატივა შეაფასა KPMG-ის იურიდიულმა დირექტორმა ჯაბა გველებიანმა.
- მოსალოდნელი იყო გადავადება?
მოსალოდნელი იყო ჩემი აზრით იქიდან გამომდინარე, რომ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დადგენილი ორწლიანი ვადა რომ ახალდარეგისტრირებულ კომპანიებს რეგისტრაცია ახლებურად გაევლოთ საკმარისი არ აღმოჩნდა და შესაბამისობის ტენდენცია იყო საკმაოდ დაბალი. ჩვენ ვაკვირდებოდით წლის განმავლობაში, როგორი იქნებოდა აქტივობა და ვინაიდან ბოლო კვარტალში ეს არ შეიცვალა, უკვე მოსალოდნელი იყო, რომ წესით და რიგით ვადა უნდა გადაწეულიყო. ერთის მხრივ იქიდან გამომდინარე რომ ბევრი საწარმო დადგებოდა ლიკვიდაციის ქვეშ და სავარაუდოდ სამეწარმეო რეესტრიც ვერ გაუძლებდა ალბათ იმ წნეხს, რაც დაუკავშირდებოდა ათასობით რეგისტრაციის გაუქმებას.
- ერთია გადავადება, როგორც დროებითი გამოსავალი – მაგრამ ფაქტია, უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მიზეზები – რა უშლიდა ხელს ბიზნესს რეგისტრაციის ახლებურად გავლაში 2 წლის განმავლობაში?
დიახ. მეც ვფიქრობ, რომ ამ მიზეზების კვლევაა უფრო მნიშვნელოვანი, რადგან გადავადება გამოსავალი არ არის. ამ ორი წლის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ კომპანიებს ადაპტაცია მოეხდინათ. რამდენიმე პრობლემას გამოვყოფდი ამასთან დაკავშირებით. ერთი არის ცნობადობის გაზრდის კუთხით არასაკმარისი აქტივობა ...
... რომ ეს პროცესია განსახორციელებელი.
დიახ და როგორ არის განსახორციელებელი. ამ მხრივ კერძო სექტორის ინიციატივები და აქტივობაც კი არ იყო საკმარისი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არც იქნებოდა საკმარისი – საჭირო იყო აქტიური სახელმწიფო კამპანია ამ კუთხით. მეორეს მხრივ უკვე თვითონ განახლებული რეგისტრაციის პროცესების მიმართ ადაპტაციას თვითონ სამეწარმეო რეესტრშიც დასჭირდა გარკვეული დრო და დღემდე არის ბევრი გაურკვეველი საკითხი, რაც კიდევ უფრო ზრდიდა რეალურად იმ შესაბამისობის ხარჯს ბიზნესისთვის და განსაკუთრებით, საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, რომ დაექირავებინათ კვალიფიციური იურისტი, რომელიც შეძლებდა ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ასე რომ, სრულიად გასაგები იყო, თუ რატომ იყო დაბალი რეაქცია ადაპტაციის მხრივ. ვადების გადაწევა დღეს აუცილებელია, თუმცა ასევე აუცილებელია, რომ დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები, რომ ბიზნესმა გაიგოს, რა და როგორ მოეთხოვება.
- რას ფიქრობთ, ჯაბა, ამ ყველაფრისთვის გონივრული ვადა რა შეიძლება იყოს?
ჩემი მრწამსია, რომ შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობა სჯობს. ალბათ ერთ წელზე მეტი ვადით გადავადება ამხელა რეფორმის ნამდვილად არ იქნებოდა მიზანშეწონილი. თუმცა, ამისთვის უნდა გაანალიზდეს ის ინფორმაცია, რომელსაც ნამდვილად აწარმოებს სამეწარმეო რეესტრი, თუ რამდენმა გაიარა ადაპტაცია ახალ წესებთან, რომელ სფეროებშია უფრო მეტად ჩამორჩენა. ჩვენ გამოვითხოვთ ხოლმე ამ ინფორმაციას და ვაანალიზებთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ რეესტრმა ახლებურად უნდა გამოაქვეყნოს მსგავსი სტატისტიკა.
- ჩვენც გამოვითხოვთ ამ ინფორმაციას და ბოლოს, ჯაბა, თქვენ გაკვრით აღნიშნეთ, რომ ვალდებულების ამოქმედება საკმაოდ მტკივნეული იქნებოდა – განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – თუ ეს ვადა არ გადაიწევდა. რატომ?
კანონის დღევანდელი რედაქცია ითვალისწინებს, რომ პირველი იანვრის დედლაინის დარღვევის შემთხვევაში თუ კიდევ დამატებით სამი თვის ვადაში არ მოხდებოდა შესაბამისობა, კომპანიების რეგისტრაციის ავტომატური გაუქმება, მათი ავტომატური ლიკვიდაცია ხდებოდა. მაშინვე არ იყო ცხადი, როგორ განვითარებოდა ეს პროცესი, რადგან ძალიან ბევრი კომპანიაა დარეგისტრირებული აქტიურობის გარეშე – შესაბამისად, გაუგებარია, როგორ მოხდებოდა ეს ავტომატური ლიკვიდაცია, რადგან ჩვენ ამის პრაქტიკაც არ გვქონია. გარდა იმისა, რომ ბიზნესისთვის ცუდია ლიკვიდაცია, აქ კიდევ ბევრი დაინტერესებული მხარეა – მათ შორის, კრედიტორები, მათ შორის, არაერთი სასამართლო დავა, აღსრულების პროცედურები, გადახდისუუნარობის საქმეები, რომელზეც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი იანვრიდან ჯერ შეჩერებული და შემდეგ, გაუქმებული რეგისტრაციები. ეს იმხელა რეფორმა იყო საქართველოს კანონმდებლობაში, რომლის ანალოგიც ძალიან რთულად მახსენდება სულ მცირე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამიტომაც გასაგებია რეფორმის იმპლემენტაციის დროს ხარვეზები. თუმცა, დღეს ჩვენ ბიზნესსექტორიც და იურისტებიც უფრო მეტად მომზადებულები ვართ და ვიცით, რა არის გასაკეთებელი, ვიდრე ორი თუ სამი წლის წინ, როცა ეს კანონი მიიღებოდა. ამიტომ – მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროა ზოგადად ვადების გადაწევა, ჩემი აზრით, მაინც მისასალმებელია და დღეს უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ შემდგომ დათქმულ ვადაში აუცილებლად ამ მიზანს მივაღწიოთ.
- შეიცვლება თუ არა ბიზნესის დემოგრაფიაც მას შემდეგ, რაც ბიზნესები ამ ადაპტაციას გაივლიან – სულ მცირე, შემცირდება თუ არა იმ კომპონენტის რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის საქმიანობა უცნობია?
დიახ, რა თქმა უნდა. ამის ორი მიზეზი არსებობს. ერთი – ცალსახად სააქციო საზოგადოებებისთვის (ეს ისედაც მცირე ნაწილია ჩვენი ბიზნესის) რადგან გაჩნდა 100 ათას ლარიანი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, რომლის ჩადების გარეშეც კომპანია უბრალოდ ვერ იარსებებს სამართლებრივად, ეს რა თქმა უნდა ავტომატურად გაცხრილავს კომპანიებს, რომლებიც არ ოპერირებენ არსებითად: ალბათ დამეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობის მინიმალური კაპიტალი საქართველოს პირობებში საკმაოდ დიდი თანხაა. მეორე მხრივ, ვინც გაივლის ადაპტაციას, ხშირ შემთხვევაში, ეს არ არის მარტივი პროცესი – და შესაბამისად, ესეც გამოიწვევს თავის მხრივ გაცხრილვას და რეალურად ჩემი აზრით ადაპტაციას გაივლიან მხოლოდ ის კომპანიები, რომლებსაც სულ მცირე უღირთ ამ შესაბამისობის ხარჯის გაწევა და ამდენად, ჩვენ გვექნება უფრო სუფთა ბიზნესდემოგრაფია.