მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: გერმანიაში ინფლაცია 29 წლის მაქსიმუმზეა, აშშ-ში - 30 წლის მაქსიმუმზე

61b0a864d91d7
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.21 16:41
1504
დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა. ამ გზით სები ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების შეკავებას ცდილობს. შეცვლილია ეროვნული ბანკის პროგნოზიც ინფლაციის კლებასთან დაკავშირებით. თუკი ოქტომბერში სებ-ი საკუთარ გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერდა, რომ გაზაფხულიდან ინფლაცია “მნიშვნელოვნად შემცირდებოდა”, ახლა უწყება სამომხმარებლო ფასების ინდექსის უფრო ნელ შემცირებას მოელის.

გამართულ ბრიფინგზე სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ინფლაცია მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არაა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებიც წელს მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდნენ.

“ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი. მაგალითად ახლა გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა 5.2%-ით. ამერიკის შეერთებულ შტატებში 6.2% არის ინფლაცია, რაც ასევე მაქსიმუმია ბოლო 30 წლის განმავლობაში და მხოლოდ ცენტრალურ ბანკებს ამასთან მიმართებით ზომების გატარება რთულად შეუძლიათ. ამის მიზეზია ის, რომ ცენტრალური ბანკი მხოლოდ მოთხოვნის ფაქტორებზე მოქმედებს და მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მიწოდების ფაქტორებს.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკა არის გამკაცრებული, რათა შიდა მოთხოვნა, რომელიც არის ძალიან გაზრდილი, ამის გავლენა გავანეიტრალოთ და შევამციროთ აღნიშნულის გავლენა ინფლაციაზე,” - აცხადებს კობა გვენეტაძე.

ნოემბერში საქართველოში 12.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო, რაც ბოლო 10 წლის ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელია. სებ-ის შეფასებით, ამ ინფლაციაში 9 პროცენტული პუნქტი საგარეო ფაქტორებზე მოდის. ინფლაციის შიდა ფაქტორებს შორის კი სებ-მა დღეს ერთობლივი მოთხოვნის მაღალ დონეზე და ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება.