მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: "ვფიქრობ, ერთ ან ორ წელში კრიზისამდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით"

5fabd3412e425
BM.GE
11.11.20 20:55
780
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული „ლოქადაუნის“ და მისი ეკონომიკური ზეგავლენის მართვაში დაგროვილ გამოცდილებაზე საუბრობს.

გვენეტაძემ ინტერვიუ Central Banking-ს მისცა, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველო სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის შოკს მომზადებული შეხვდა.

“ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილ პროგრამაში, რომელიც 2017 წელს შევიდა ძალაში, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით ვიყავით ჩართულნი. ამასთანავე, გასული წლის ნოემბერში, 2020 წლის აპრილში დასრულების ნაცვლად, გავახანგრძლივეთ ეს პროგრამა კიდევ ერთი წლით, რადგან 2020 წელი არჩევნების წელია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და პრაქტიკულად მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო, გვქონდა კარგი ფისკალური ბუფერები და საბანკო სისტემაში არსებული კარგი ლიკვიდობა და კაპიტალის კარგი მაჩვენებლები.

მომზადება ნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს შეეძლო სწრაფად მოეპოვებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო გაზრდილი დახმარება პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო მთავრობას სოციალური დახმარების უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც დაკარგა სამუშაო და სამედიცინო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა კობა გევენეტაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა მხარდაჭერა, საბანკო სისტემა ძალიან მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების თვალსაზრისით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ამან მისცა საშუალება სებ-ს, რომ კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნები შეემსუბუქებინა, ასევე მოეთხოვა მათთვის შეექმნათ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი არა აქტივების ანალიზის, არამედ სტრეს-ტესტების მიხედვით, რათა განსაზღვრულიყო სისტემის შესაძლო დანაკარგი.

„სესხების შესაძლო დანაკარგების სასესხო პორტფელის 3%-ის ოდენობით დარეზერვების შემთხვევაშიც კი, საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზირებული რჩება და მას ლიკვიდობის პრობლემა არ ექმნება, რაც საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სისტემას გასცეს სესხები ეკონომიკური აქტივობის დასაფინანსებლად. აღნიშნული შეეხო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც.

ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სადაც განვიხილავდით თუ რა სჭირდებოდათ მათ. ძირითადი თემა იყო ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ინდიკატორი გაუარესდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება გაცილებით უფრო მაღალი წელს, წინა წლის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ვფიქრობ რომ შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას და ერთ ან ორ წელიწადში კრიზისამდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით“, - განმარტავს კობა გვენეტაძე.