მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ვადასტურებ, ოთხი საშემოსავლო განაკვეთი ორამდე მცირდება

5e314cd4870b0
შოთა ტყეშელაშვილი
29.01.20 13:21
2364
2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამასთანავე, განისაზღვრა საშემოსავლო ჯგუფები და თითოეულისთვის დაწესდა სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი.

ამ ცვლილებიდან ერთი წლის შემდგომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მათ შეცვლაზე მუშაობს. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ დღეს არსებული 4 საშემოსავლო განაკვეთი, 2 საშემოსავლო განაკვეთამდე შემცირდება. 

"დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ რა თქმა უნდა, განვიხილეთ ეს საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან და აქ იყო განხილული, რომ მოხდება გამარტივება ამ რეგულაციების, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ჩანაწერში ასევე არის ნათქვამი, რომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მოხდეს ე.წ. "ძალიან შერბილება" საკრედიტო სტანდარტების, რადგან მან ისევე არ შექმნას საკრედიტო რისკები, თუმცა ვადასტურებ, შემცირება იქნება არსებული განაკვეთიდან, ორ განაკვეთზე", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების შესახებ 2019 წლის დეკემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი. მისი მიხედვით, საბანკო რეგულაციებში ცვლილებები 2020 წლის მარტიდან არის მოსალოდნელი. 

"2020 წლის მარტიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუმჯობესოთ რეგულაცია ფიზიკური პირების დაკრედიტების მიმართულებით და განვამტკიცოთ მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა. ჩვენ კომერციულ ბანკებს მივცემთ უფრო დიდ მოქნილობას იმ რისკების მართვაში, რაც ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება, მათ შორის ჩვენ ამისთვის შევამცირებთ საშემოსავლო საფეხურების რაოდენობას (PTI ჩარჩოებს/PTI ჯგუფებს). ჩვენ ამასთანავე დავნერგავთ რისკებზე დაფუძნებულ უფრო ჯანსაღ მოთხოვნებს ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან მიმართებით,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს ხელს. 

კობა გვენეტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ფიზიკური პირების "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" რეგულაციების მოქმედების ერთი წელიც შეაჯამა. გვენეტაძის თქმით, მართალია თავდაპირველად ცვლილებებმა ფიზიკური პირების დაკრედიტება საკმაოდ შეამცირა, მომდევნო თვეებში სესხების გაცემის ტემპი გაიზარდა, მთლიანობაში კი მას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

"თავიდან იყო პირველი სამი თვე, რომელიც შედარებით დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. 2018 წლის მეორე ნახევარი და განსაკუთრებით წლის ბოლო კვარტალი, ძალიან მაღალი აქტივობით ხასიათდებოდა სამომხმარებლო და საცალო სესხების თვალსაზრისით, ვინაიდან იყო ინფორმაცია, რომ ეს რეგულაციები ამოქმედდებოდა. ჩვენ მოველოდით, რომ დაახლოებით 13-15%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო სესხების ჯანსაღი ზრდა, რაც შესაბამისობაშია ეკონომიკის ჯანსაღ ზრდასთან, ის რაც არ ქმნის პრობლემებს, ის რაც არ გამოიწვევს სისტემური რისკების დაგროვებას. იმის საპირისპიროდ, რასაც ბევრი პროგნოზირებდა, რომ მოხდებოდა საკრედიტო პორტფელის შემცირება საერთოდ, რომ გაჩერდებოდა კრედიტების გაცემა, რომ შემცირდებოდა ეკონომიკა - რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდა. თუ გადავხედავთ შედეგებს - საკმაოდ კარგი შედეგებია. კურსის ეფექტის გამოკლებით, საკრედიტო პორტფელის ზრდა დაახლოებით 15% იყო. საკმაოდ კარგი იყო აქტივობა კორპორატიულ სექტორში, წლიური ზრდა იყო 30%, მცირე და საშუალო ბიზნესში 18%, საცალო მიმართულებით 5%. რაც უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის - ჩვენ დავინახეთ, რომ თუ კორპორატიული სესხების წილი 2018 წლის ბოლოს იყო 31%, 2019 წლის ბოლოს ეს არის 34%. გარდა ამისა, თუ საცალო სესხებში შევხედავთ იპოთეკურ სესხებს, აქაც ზრდა 2019 წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი იყო. გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით 13% იყო ტემპი, ლარის იპოთეკებს თუ გამოვყოფთ, დაახლოებით გაორმაგდა, რაც ასევე მოწყვლადობას ამცირებს მსესხებლებისას. 

ანუ შიშები, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა, ამ შიშების მატერიალიზება არ მოხდა. ახლა ამ დაგროვილ ინფორმაციას გავდივართ სექტორთან ერთად, საბანკო ასოციაციასთან, ბიზნესგაერთიანებებთან იმისათვის, რომ ის ტექნიკური ფაქტორები, რაც არის დაგროვილი განვიხილოთ. 

ვფიქრობთ, რომ ტექნიკური გამარტივება უფრო მოქნილს გახდის ამ რეგულაციებს, ამასთანავე, ის კვლავ გააგრძელებს პრინციპს, რომ დაფინანსება უნდა მოხდეს მსესხებლების გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჭარბვალიანობის შემცირებისთვის", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ლიმიტი დღეს ასეთია (ჰეჯირებული მსესხებლისთვის): 

  1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს); 
  2. თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს); 
  3. თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს); 
  4. თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება. 

როგორც ცნობილია 4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას სავარაუდოდ, ამგვარი ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):

  1. თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს); 
  2. თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ)
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BMG-სთან ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამაც ისაუბრა, რომელმაც მოსალოდნელი შერბილება დაადასტურა