მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობერიძე გვენეტაძეს: რა პასუხისმგებლობას იღებთ გაორმაგებულ ინფლაციაზე?

5df36db3b997b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.19 15:00
1186
"რა პასუხიმგებლობას იღებთ თქვენ და ეროვნული ბანკი იმაში, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ფაქტიურად არის გაორმაგებული", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე ჰკითხა, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს.  

დეპუტატის აზრით, მოსახლეობა უკვე გაერკვა იმაში, რომ ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებელია ეკონომიკა, ხოლო ფასების სტაბილურობას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. 

"ინფლაციაზე და მიზნობრივ ნაბიჯებზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და როდესაც გადახრა გვაქვს, თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე ინფლაცია 3%-ს დიდი ხანია გასცდა, პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება? ცალკე მთავრობის მხრიდან გვესმის, რომ პასუხისმგებლობას გრძნობენ, რაში გამოიხატება პასუხისმგებლობა? რა პასუხიმგებლობას იღებთ თქვენ და ეროვნული ბანკი იმაში, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ფაქტიურად გაორმაგებულია. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ლარის კურსი საბოლოო ჯამში იმოქმედებდა ინფლაციის მაჩვენებელზე, ეკონომიკური გუნდი გვიმტკიცებდა იმას, რომ ეს ასე არა იქნებოდა", - განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატმა ასევე დასვა შეკითხვა ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგის ცვლილებაზე და აღნიშნა, რომ ეს მეთოდოლოგია რეალობას არ ასახავს.
 
"მეორე - ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლას ხომ არ აპირებთ? ჩემი აზრით, ინფლაციის დათვლა როგორ ხდება, ეს მეთოდოლოგია დასახვეწია. თქვენც არ ხართ მე მგონი შორს ამ მოსაზრებისაგან და ხომ არ აპირებთ შეცვლას? ჩემი აზრით, ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია არ ასახავს რეალობას და მერე გიწევთ, ხან თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებლის დათვლა", - ამბობს დეპუტატი.

გარდა ამისა, ლევან კობერიძემ სებ-ის პრეზიდენტს კომერციული ბანკების შესახებაც დაუსვა კითხვა.

"ბანკებთან მიმართებაში, აქტუალური რჩება, პირდაპირ ვამბობ, რომ ისინი არაპროფილურ ბიზნესებში მონაწილეობენ. ამასთან, დაკავშირებით ძალიან გთხოვთ არ გამცეთ სტანდარტული პასუხი, რომ დღევანდელი კანონმდებლობით ეს ასეა, თქვენი ხედვა რა არის და თვლით თუ არა, რომ ეს არის შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკისათვის", – იკითხა დეპუტატმა. 

კითხვის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატს უპასუხა. 

"ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხისმგებლობა ის არის, რომ ჩვენ შემოგთავაზოთ კარგი ხარისხის და მაღალი ხარისხის ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა და რატომ არის ფაქტობრივი ინფლაცია გადახრილი მიზნობრივი მაჩვენებლისგან, ამავე დროს იმაში, თუ რა გეგმა და ხედვები აქვს ეროვნულ ბანკს, რა ხედვები აქვს და ქმედებებს ახორციელებს ამასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, თავად მიზნობრივი მაჩვენებელი ეს არ არის ლიმიტი და დროის ნებისმიერ მომენტში შეიძლება მაჩვენებელი გადახრილი იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ეროვნული ბანკის მოქმედებებით საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს ინფლაცია. რაც შეეხება ინფლაციის დათვლას, ამას ახორციელებს სტატისტიკის დეპარტამენტი, ეს მისი პრეროგატივაა. საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან შესაბამისობით ხდება ინფლაციის დათვლა საქართველოში და ეროვნული ანგარიშების გადათვლა მოხდა გარკვეული პრინციპით. იმ შემთხვევაში თუ არის შესაცვლელი (ინფლაციის დაანგარიშების მეთოდოლოგია) იმისთვის, რომ ის საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან მიმართებაში მოვიდეს, ვფიქრობ, ესეც სტატისტიკის დეპარტამენტის პრეროგატივაა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.