მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომპანიები იძულებული გახდებიან საწვავის ფასი გაზარდონ“ - ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია

61fa752075254
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.22 00:00
1739
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში საწვავი გაძვირდება.

BM.GE-სთან საუბრისას ვანო მთვრალაშვილი ვერ აზუსტებს რა პერიოდში შეიძლება საწვავი გაძვირდეს, თუმცა ნავთობპროდუქტებზე ფასის მატების ფაქტორებს განმარტავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ დღეისთვის საცალო ქსელში საწვავის ფასი გაზრდილი არ არის.

„საკმაოდ ცუდი მოლოდინები გვაქვს, რაც გარკვეული ფაქტორებით არის განპირობებული:

მიმდინარე ეტაპზე ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 90 დოლარის ფარგლებშია, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნავთობროდუქტების ღირებულება კი წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზარზე 100 დოლარით არის გაზრდილი, რაც 13-15%-იანი მატებაა. დეკემბრის შუა რიცხვებიდან საწვავის ფასი მსოფლიოში მხოლოდ მატულობს, თუმცა საქართველოში საცალო ქსელში საწვავის ფასი შემცირდა. ამასთან, იანვარში საწვავზე ნაკლები მოთხოვნის გამო, რადგან დასვენებების თვეა და მოთხოვნაც დაბალია ფასები არ შეცვლილა და სტაბილური იყო.

მიმდინარე ეტაპზე კი უკვე აქტიური იმპორტი იწყება, ახალი პარტიები შემოდის და საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებული საწვავით შედარებით დაბალფასიანი პროდუქტის ჩანაცვლება ხდება. ამიტომ კომპანიები იძულებულები გახდებიან ფასი გაზარდონ.

აღსანიშნია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით არათუ სტაბილურია, მყარდება კიდეც, იანვარში საწვავის ღირებულების სტაბილურობას ამანაც შეუწყო ხელი და სამომავლოდ თუ საწვავის ფასების კორექტირება მოხდება, ეს არ იქნება იმ დოზით და მოცულობით როგორც შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად, ლარი საწვავის ფასთან მიმართებით დადებით როლს თამაშობს.

როდისთვის შეიძლება დაკორექტირდეს ფასები - ერთ კვირაში თუ 10 დღეში ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა საწვავი უახლოეს პერიოდში გაძვირდება“, - ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.