მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებშიც პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი ინვესტიციები ჩაიდო

6482ee898acd2
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.23 13:24
4072
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

BMG-იმ გამოითხოვა იმ კომპანიების ტოპ ათეული, რომლებშიც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საქსტატის განმარტებით, ისინი ვერ გასცემენ ინფორმაციას უშუალოდ რა თანხის ინვესტიცია ჩაიდო თითოეულ კომპანიაში, ამიტომაც ტოპ ათეულში შემავალი კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული.

ინვესტორთა სიაშია კომპანია “ექსელუს ჰოლდინგი”, რომელიც დაკავშირებულია სინგაპურულ კომპანია Indorama Holding-თან, რომელმაც წლის დასაწყისში რუსთავის აზოტის ქარხანა შეიძინა. აღნიშნული ინვესტიცია Indorama-მ მისი ჰოლანდიური შვილობილის Indorama Holdings B.V.-ის მეშვეობით განახორციელა. სწორედ ეს იყო ნიდერლანდების უმსხვილეს ინვესტორთა შორის მოხვედრის განმაპირობებელი ფაქტორი. მის გარდა, ახალ ინვესტორთა შორის მოხვდა კომპანია “აზია ჯგუფი”, რომელიც ყაზახური ინვესტიციით დაფუძნებული კომპანიაა, რაც თავისმხრივ ტოპ ინვესტირთა შორის ყაზახეთის მოხვედრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. ინვესტორთა შორის მოხვდა ჩინეთის სახლემწიფო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალიც, თუმცა ეს უკანასკნელი არა ინვესტორი, არამედ სახელმწიფოს კონტრაქტორია, რადგანაც ის მთავრობის დაკვეთით რიკოთის საუღელტეხილო გზას აშენებს.

კომპანიები, რომლებშიც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიციები ჩაიდო:

• შპს ექსელუს ჰოლდინგსი (Indorama);
• შპს მაგთიკომი;
• შპს თბილისი ენერჯი;
• შპს ტავ ურბან საქართველო;
• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminals);
• სს მინა;
• შპს ტოიოტა კავკასია;
• სს ბიჯეო ჯგუფი;
• შპს აზია ჯგუფი;
• ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.

ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, საიდანაც 239.6 მილიონი ჩაიდო. ამ ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 630%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა იაპონია 63 მილიონის საინვესტიციო ნაკადით, ამ ქვეყნიდან შემოსული FDI პირველ კვარტალში 700%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნები, საიდანაც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი FDI შემოვიდა:

1. ნიდერლანდები - 239.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 630%
2. იაპონია - 63.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 700%
3. აშშ - 54.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 70%
4. თურქეთი - 47 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -28%
5. რუსეთი - 28.2 მილიონი დოლარი გასულ წელს რუსეთიდან მინუს 11 მლნ-ის ინვესტიციები დაფიქსირდა
6. მარშალის კუნძულები - 23.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%
7. ყაზახეთი - 20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 953%
8. ჩინეთი - 19.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -46%
9. დანია - 11.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 28%
10. შვეიცარია - 10.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39%.

შემოსულ FDI-ს შორის 300 მილიონი დოლარი სააქციო კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციები იყო, რეინვესტიციები 190 მილიონი დოლარი, ხოლო სავალო ვალდებულებების ჩამორიცხვა 7 მილიონი დოლარი.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).