მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია: ტყუილია, რომ კანონში ცვლილებები მედიას ეხება

5f04284b00f24
სალომე მეცხვარიშვილი
07.07.20 11:51
1275
კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური bm.ge-ისთან განმარტებებს აკეთებს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას აძლევს შესაძლებლობას, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რათა კომპანიამ აღასრულოს კომუნიკაციების კომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება. 

მოთხოვნილია პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. კანონპროექტმა გარკვეული კითხვები მედიის მფლობელებში უკვე გააჩინა. მაგალითად, ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ კანონს კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებზეც გამოიყენებს.

თუმცა, კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ინფორმაცია თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი.

“კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან.

აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ელექტრონული კომუნიკაცირბის სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან”, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აღჭურავს საკმარისი უფლებამოსილებებით, რომ ეფექტიანად აღმოფხვრას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ ჩადენილი დარღვევები.

“კერძოდ, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ პირებს დააკისროს გაფრთხილება, ჯარიმები და თუ ეს მექანიზმები არ იქნა საკმარისი - შეუჩეროს ავტორიზაცია/გაუუქმოს ლიცენზია. ცალკეულ შემთხვევებში გაფრთხილება და ჯარიმა არაეფექტურია, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირები თუ არ შეასრულებენ კომისიის გადაწყვეტილებას, ერთადერთი მექანიზმი შეიძლება იყოს ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება შეიცავს მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანების საფრთხეს და კომისიას აღარ რჩება მისი გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აქვე საუბარია კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება, კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება კი ქმნის მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანების საფრთხეს და კომისიას აღარ რჩება მისი გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი. განმარტებით ბარათში მოცემული მაგალითი ძალიან ჰგავს “კავკასუს ონლაინის” მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როცა კომპანის 49%-იანი წილი გასხვისდა, ეს კომისიასთან არ შეთანხმდა, კომისია კი თვეებია ითხოვს აქციების პირვანდელ რეჟიმში დაბრუნებას, მათ შორის იყენებს ფინანსურ სანქციებს, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება.

“პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება და აღსრულების ყველა სხვა საშუალება არაეფექტურია. მაგალითად, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ მისი პირდაპირი ან არაპირიდაპირი წილების/აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში (რაც აკრძალულია და ბათილია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის 25- ე - 27-ე მუხლების მიხედვით), კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს მოსთხოვოს კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებული ტრანზაქციის შებრუნება და წილის/აქციის გასხვისებამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. თუმცა ამ ტიპის გადაწყვეტილების აღსრულება (მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის არაპირდაპირ წილზე/აქციებზე) დამოკიდებულია მხოლოდ წილის/აქციების მფლობელის ქმედებებზე და კომისია არ ფლობს რაიმე ეფექტურ ბერკეტს, სამართლებრივ მექანიზმს უზრუნველყოს მისი ამ ტიპის გადაწყვეტილებების აღსრულება. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და გაჩნდეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, რათა ამ და ყოველ სხვა შემთხვევაში კომისიას ქონდეს ეფექტური და საკმარისი მექანიზმები მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად”, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები