მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“ - დავითაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე

631ae1c8d576c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.22 11:18
751
სახელმწიფომ „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა, თუმცა პროექტის ახალ ტენდერთან დაკავშირებით ვადები ჯერ კიდევ უცნობია და წლის განმავლობაში გაცხადდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.

მისი განცხადებით, მიზანშეწონილობის კვლევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ჩატარდა, დღეს კი რეალობა შეცვლილია.

„ჩვენ ჩავატარეთ მიზანშეწონილობის კვლევა, ეს არის ძალიან მაღალრეპუტაციული ჰოლანდიური კომპანია. ეს კვლევა ომის დაწყებამდე ჩატარდა, ომის შემდეგ კი ბევრი პარამეტრი იცვლება. შესაბამისად, მიმდინარეობს დაზუსტება და სამუშაოები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას ჩვენს PPP კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას მისცემს სახელმწიფოს და პოტენციურ ინვესტორსაც, რომ პროექტის რეალიზება მოხდეს. კონკრეტულ ვადებს წლის განმავლობაში მოგახსენებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა.

ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის 35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.

საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი კვლავ რჩებიან ანაკლიის პროექტის ერთგულები და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. ამ დრომდე უცნობია როდის იგეგმება ამ ტენდერის გამოცხადება.